ლაშა გურული და ნინო სალუქვაძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ
პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან ბრინჯაოს მედლის მფლობელი ლაშა გურული და ოლიმპიადის რეკორდსმენი, ლეგენდარული ნინო სალუქვაძე სამშობლოში დაბრუნდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები, გულშემატკივრები, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.
პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალში ქართველი მოკრივე ლაშა გურული კუბელ ერისლანდი ალვარეს ბორხესს შეხვდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა ბრინჯაოს მედლით დაასრულა. 2000 წლის შემდეგ გურული პირველი მოკრივეა, ვინც ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რაც შეეხება ნინო სალუქვაძეს, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ლეგენდარულმა მსროლელმა საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ გადალახა და პარიზში ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. ქართველ ლეგენდარულ სპორტსმენს, ნინო სალუქვაძეს ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული. ოქრო და ვერცხლი 19 წლის ასაკში 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე მოიგო, ხოლო ბრინჯაოს მედალი – 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე. ის მსოფლიოში ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ათ ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა.
საერთო ჯამში, ქართულმა დელეგაციამ შვიდი მედალი მოიპოვა, სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. მედლების საერთო ჩათვლაში საქართველომ პარიზის ოლიმპიადაზე 24-ე ადგილი დაიკავა.