ლაშა გუჯეჯიანი - ტურნირის გახსნის დღიდან მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ [ვიდეო] #1TVSPORT
ლაშა გუჯეჯიანი - ტურნირის გახსნის დღიდან მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ [ვიდეო] #1TVSPORT

ტაშკენტში ხვალ ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს. ჩვენი ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქში სრული შემადგენლობით გუშინ ჩავიდა. დღეს კი ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც ქართველი ძიუდოისტების მეტოქეების ვინაობა გამოვლინდა.

ტაშკენტში იმყოფება საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი, რომელთანაც ჩვენი ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, გუნდი მსოფლიო პირველობაზე კარგად დასვენებული ჩავიდა და შეჯიბრის პირველივე დღიდან მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. გუჯეჯიანმა ყურადღება ტურნირის მაღალ დონეზე, ორგანიზებასა და კომფორტულ პირობებზე გაამახვილა.

რაც შეეხება დღევანდელ წილისყრას, ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატზე სუსტი მეტოქეები არ არსებობს და ყველასთან მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო. მისი თქმით, საწყის ეტაპზე რამდენიმე წონაში შედარებით სუსტ მეტოქეებთანაც შეიძლებოდა დაპირისპირება.

ლაშა გუჯეჯიანმა ლუხუმ ჩხვიმიანის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვალ, ტურნირის პირველ დღეს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი მედლის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის:

კაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე (100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78კგ).

ინდივიდუალურ ასპარეზობებში გამომსვლელი ძიუდოისტების გარდა, ტურნირზე გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ტერაშვილი და ნინო გულბანიც მიიღებენ. მსოფლიო ჩემპიონატზე მედლები 6 ოქტომბერს 60 კგ წონით კატეგორიაში მამაკაცებში, ხოლო 48 კგ-ში ქალებში გათამაშდება, 13 ოქტომბერს კი, ტურნირი გუნდური შეჯიბრით დასრულდება.