ლაშა გუჯეჯიანი - იმედგაცრუებულები ვართ, გრიგალაშვილისგან მედალს ველოდით, მაგრამ გამოცდილება დააკლდა #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ტატო გრიგალაშვილის გამოსვლაზე ილაპარაკა, რომელმაც ტოკიო 2020-ზე ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა.
81 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცადა, სადაც უზბეკი ბოლტაბოევი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ბელგიელ მატიას კასეს დაუპირისპირდა, რომელთანაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო. სამწუხაროდ, ტატო გრიგალაშვილი იპონით დამარცხდა და რევანში ვერ აიღო.
„სამწუხაროდ, დღეს მედლის მოპოვება ვერ შევძელით. რა თქმა უნდა, გრიგალაშვილი ლიდერი და მედლის ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი იყო. მისგან უმაღლესი სინჯის მედალი იგეგმებოდა, მაგრამ ეს ოლიმპიური თამაშებია და გამოცდილება დაგვაკლდა. ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც ჰქვია – არ ვიცოდი, როგორ მოგვეგო ოლიმპიური თამაშები. ისწავლის, დიდი გამოცდილება მიიღო და დარწმუნებული ვარ, ოლიმპიური ჩემპიონი აუცილებლად გახდება, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ახლა ნაადრევია. იმედგაცრუებული ვარ. იყო გამოუცდელობა, ფსიქოლოგიური წნეხი და სამწუხაროდ, აქედან გამოსვლა ვერ შევძელით“, – განაცხადა ლაშა გუჯეჯიანმა.
ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ტოკიო 2020-ის მონაწილე დანარჩენი ქართველი ძიუდოისტები მედლებს მოიპოვებენ:
„ხვალ, ზეგ და მაზეგ კიდევ სამი ჩვენი ძიუდოისტი გამოვა – ლაშა ბექაური, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი და მათ წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ უარყოფითი გამოცდილება მივიღეთ. იმედია, დარჩენილ დღეებში ამას გამოვასწორებთ და უმაღლესი სინჯის მედლებისთვის ვიბრძოლებთ“.
29 ივლისს პირველი ოქროს მედლის მოპოვებას ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში შეეცდება – რიოს თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ჩვენი ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი და მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი კი შესაბამისად, 29 და 30 ივლისს იასპარეზებენ.
ტოკიო 2020-ზე მეოთხე საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს დელეგაციის ყულაბაში ორი ვერცხლი მედალია და ორივე ძიუდოისტებმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.