ელგუჯა ბერიშვილი - ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მადიევი ნახევარფინალში გავა #1TVSPORT
ელგუჯა ბერიშვილი - ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მადიევი ნახევარფინალში გავა #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა ტოკიო 2020-ზე ქართველი სპორტსმენების დღევანდელი გამოსვლა შეაჯამა.

იაპონიის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს ყველაზე დიდ სპორტულ ღონისძიებაზე დღეს საქართველოს ორმა წარმომადგენელმა იასპარეზა. 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით გამოდის მოკრივე ესკერხან მადიევი, რომელმაც 1/8-ში უგანდელი შადირი ბვოგი 3:1 დაამარცხა და ოლიმპიადის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 30 ივლისს რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელს, ანდრეი ზამკოვოის შეხვდება.

81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მედლის მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცადა, სადაც უზბეკი ბოტაბოევი დაამარცხა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ბელგიელი მატიას კასეს დაუპირისპირდა, რომელთანაც ადრე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი წააგო. სამწუხაროდ, ტატო გრიგალაშვილი იპონით დამარცხდა და რევანში ვერ აიღო.

„ჩვენ ყველას დიდი იმედი გვქონდა, რომ მართლაც ძალიან ნიჭიერი სპორტსმენი ტატო გრიგალაშვილი მედლისთვის იბრძოლებდა. მართლაც იბრძოლა და არაფერი დაუკლია, მაგრამ ეს მედლის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა. თუმცა, წინ არის შეჯიბრებები, მათ შორის ოლიმპიური თამაშები და ტატო წარმატებებს აუცილებლად მიაღწევს. რაც შეეხება ჩვენს მოკრივეს, ესკერხან მადიევს, მან შესანიშნავად იასპარეზა და მეოთხედფინალში ბრძოლის უფლება მოიპოვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარფინალს ერთი ბრძოლა აშორებს. ჩვენ ყველას ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ესკერხანი ნახევარფინალში გავა“, – ამბობს ელგუჯა ბერიშვილი.