ლაშა გობაძემ და იაკობ ქაჯაიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლაშა გობაძე (87 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. გობაძემ აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი დაამარცხა, ქაჯაიამ კი რუმინელ ალექსუს კურარიუს აჯობა.
გობაძისა და ქაჯაიას გარდა, დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს – ჩემპიონი ლერი აბულაძე (63) გახდა, მან ფინალში აზერბაიჯანელ ტელეჰ მამადოვს დამაჯერებლად 5:1 მოუგო, ბრინჯაოს მედალს კი ნუგზარ წურწუმია (55 კგ) დაეუფლა, რომელმაც სომეხ რუდიკ მკრტიჩიანს 8:0 სძლია
ხვალ ევროპის ჩემპიონატზე დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ორთაბრძოლები გაიმართება. ქართველთაგან ფინალში ჯონი ხეცურიანი (67 კგ) იჭიდავებს, მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ჰასრატ ჯაფაროვი იქნება.
რეპეშაჟიდან ეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას რობერტ კობლიაშვილი (97), მისი პირველი მეტოქე უნგრელი ტამას ლევაია, მოგების შემთხვევაში კობლიაშვილი მედლისთვის ჩეხეთის წარმოამდგენელს, არტურ ომაროვს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თავისუფალ ჭიდაობაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტსმენებმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლეს. ქართველების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.