ლაშა ფირცხალაიშვილი - ვფიქრობ, რომ 18-წლამდე ნაკრები შესარჩევისთვის მზად არის #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა სომხეთის ასაკობრივ გუნდთან რუსთავში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 5:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა:
„რაც დავგეგმეთ, საწყის წუთებში მოედანზე გადავიტანეთ, მაგრამ ეს შედეგში არ აისახა. ამის შემდეგ ისეთი გოლი მივიღეთ, რაც კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი, მაგრამ რაც ყველაზე კარგია, ისევ როგორც წინა მატჩში, ორი სწრაფი გოლი გავიტანეთ, რასაც მალე მესამეც მოჰყვა და ფსიქოლოგიურად უპირატესობა ვიგრძენით“, – ამბობს ლაშა ფირცხალაიშვილი.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახარებულია, რომ შეცვლაზე შესულებმა თამაში გააძლიერეს:
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ისევ როგორც წინა მატჩში, შეცვლებმა გაამართლა და ამ ფეხბურთელებმა გაიტანეს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს, რომ ეს შეკრება პოზიტიურად დავასრულეთ“.
ფირცხალაიშვილმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შესახებაც ისაუბრა:
„არც ისე დიდი დრო დარჩა პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე, რომელიც მალტაში გაიმართება. საკმაოდ რთული ჯგუფია, მაგრამ სპარინგები სწორედ ოფიციალური შეხვედრებისთვის კარგად მომზადებას ემსახურებოდა. შესაძლოა, სექტემბრამდე კიდევ ერთი სპარინგი დაიგეგმოს. წინ გველოდება ძალიან მაგარი გამოწვევა და ვფიქრობ, რომ ჩვენი ნაკრები საამისოდ მზად არის“.
18-წლამდელთა გუნდი ივლისის ბოლოს სტატუსს შეიცვლის 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.
საქართველოს 19-წლამდე ნაკრებს საკვალიფიკაციო რაუნდში – ინგლისი, დანია და მონტენეგრო დაუპირისპირდებიან. მატჩები 21, 24 და 27 სექტემბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს დანია უმასპინძლებს. მატჩების ზუსტი განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.