ლაშა ფარულავა - ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება, დაინიშნოს არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს კეთილსინდისიერი ჯგუფი, არსებობს არაერთი კეთილსინდისიერი ადამიანი, მათ შორის ნინო ლომჯარია
დიდი ერთიანობა, დიდი წინააღმდეგობა ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში, უნდა დაინიშნოს არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალ, გამჭვირვალე გარემოში ის კეთილსინდისიერი ჯგუფი ცესკო-ში, რომელსაც ექნება ხალხის ნდობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ლაშა ფარულავას თქმით, არსებობს არაერთი კეთილსინდისიერი ადამიანი, მათ შორის ნინო ლომჯარია, რომელსაც შეუძლია, ამ პროცესზე აიღოს პასუხისმგებლობა.
ჩემი ამოცანა არის ივანიშვილის დასრულება ამ ქვეყანაში. არავის არ ვურიგდები მე, 13 წელია, ამ ბრძოლაში ვარ, ამ ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ქვეყნის მხარეს უნდა დადგეს. ჩვენ ვსაუბრობთ დემოკრატიის აღდგენაზე. ნახეთ, ჩვენი მიზანი რა არის, 4 ოქტომბერს ჩვენი მიზანია, რომ შედგეს დიდი ერთიანობა, დიდი წინააღმდეგობა, მათ შორის იქნება სიურპრიზები. თქვენ გინდათ, რომ გეგმა მოგიყვეთ, არ მოგიყვებით გეგმას. საერთოდ კავშირი არ აქვს კუპრავას ვიდეოს იმ სიურპრიზებთან, რომლებიც ელოდება ბიძინა ივანიშვილს უხვად. ახლა გეუბნებით პირდაპირ, დიდი ერთიანობა, დიდი წინააღმდეგობა ნიშნავს, რომ ქართველმა ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება ხელში, უნდა დაინიშნოს ქვეყანაში არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე გარემოში ის კეთილსინდისიერი ჯგუფი ცესკო-ში, რომელსაც ექნება ქართველი ხალხის ნდობა. არსებობს არაერთი კეთილსინდისიერი ადამიანი, მათ შორის ნინო ლომჯარია, რომელსაც შეუძლია, ამ პროცესზე აიღოს პასუხისმგებლობა. ახლა შეთავაზებას კი არ ვაკეთებ, უბრალოდ ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ ის რეპუტაცია, რომელიც სჭირდება ამ პროცესს. რა თქმა უნდა, ჩვენ ივანიშვილს აღარ შევეხვეწებით, დაგვინიშნე არჩევნებიო. ახლა რაღაცა შემოიტანეს რა, ბიძინა კაცთმოყვარეა, ნოემბერში გამოუშვებს პოლიტპატიმრებს და მარტში არჩევნებს ჩაგვინიშნავს, ვის ატყუებენ ესენი. არავის არ დაავიწყდეს, რა გააკეთა ივანიშვილმა, გახარიამ რომ თვალები დათხარა ახალგაზრდებს, გამოვიდა ივანიშვილი, პროპორციულ არჩევნებს დაგვპირდა და შემდეგ გადაგვაგდო. ხომ არ დაგავიწყდათ ეს და ივანიშვილმა რამდენჯერ უნდა ჩაატაროს ტრიუკი, ახლა ჩაუტარებს ნამდვილ ტრიუკს ქართული საზოგადოება, გამოუტანს განაჩენს და ამ განაჩენის აღსრულება მოხდება რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.