ლაშა ფარულავა – „ქართული ოცნება“ ყალბ დილემას ტენის საზოგადოებას, საქართველოს უსაფრთხოების, თავისუფლების, მათ შორის გაერთიანების გარანტი თუ ვინმეა, ესენი არიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები
„ქართული ოცნების“ სიყალბეს ზღვარი არ აქვს. ერთგვარ ყალბ დილემას ტენიან საზოგადოებას. თურმე, ვიღაც ითხოვს, რომ აფხაზეთი და ჩვენი მიწები დავთმოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.
ფარულავას კითხვა დაუსვეს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც „გვარამია იმეორებს კამპანიის გზავნილს, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთისთვის გადაცემას და ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე“.
ლაშა ფარულავას თქმით, პაპუაშვილი რასაც ახლა აკეთებს, სინამდვილეში, არსებული რეალობის გაყალბებაა.
„ჩვენს მიწებს, ჩვენს ისტორიულ მიწებს, ჩვენი წინაპრების საფლავს, ჩვენს სიწმინდეებს არათუ არ დავთმობთ, ჩვენი ისტორიის, ქვეყნის წინაშე ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიბრუნოთ და საქართველო გაერთიანდეს. ვინმე თუ არის საქართველოს უსაფრთხოების, თავისუფლების, მათ შორის გაერთიანების გარანტი, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარანტი, ეს არის ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს“, – აღნიშნა ლაშა ფარულავამ.