ლაშა ფარულავა - პარტიების აკრძალვა არის საფრთხე ქვეყნისთვის, ივანიშვილი მოქალაქეებს ეუბნება, რომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პოლიტიკური იდენტობა, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე
ლაშა ფარულავა - პარტიების აკრძალვა არის საფრთხე ქვეყნისთვის, ივანიშვილი მოქალაქეებს ეუბნება, რომ არ აქვთ უფლება, ჰქონდეთ პოლიტიკური იდენტობა, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე

მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო მამა დოროთე ყურაშვილს, ეს არის არნახული მაგალითი, როგორ დევნის სისტემა, რეპრესიის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვა, ქრისტიანული სიკეთის და სიყვარულის გამოვლენა გახდა დასჯადი ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„დღეს ამის მაგალითი ვნახეთ. ცხადია, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ის, რაც გამოგვიცხადა საპატრიარქომ, თუმცა ეს ხომ ირაკლი კობახიძემ დაგვიანონსა – ნულოვანი თანაგრძნობა. ამაზე თუ ვსაუბრობთ, რა არის ნულოვანი თანაგრძნობა, აი, დღეს ვნახეთ. ნულოვანი თანაგრძნობა არის ის, რაც გაუკეთეს ეს მამა დოროთე ყურაშვილს, რომელიც არის არა მარტო ქომაგი, არამედ მან თანაგრძნობა გამოხატა ჩაგრული, რეპრესირებული საზოგადოების მიმართ და ამის გამო დასაჯეს“, – განაცხადა ფარულავამ.

ფარულავამ ასევე აღნიშნა, რომ რაკი საზოგადოებრივ მაუწყებელში იმყოფება, აუცილებელია, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე ილაპარაკოს, თემებზე, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებს.

„ის, რომ „ქართული ოცნება“ მოწყვეტილია ჩვენი საზოგადოების, ხალხის პრობლემებს, კიდევ ერთი ნიშანსვეტი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც იკითხება 2026 წლის ბიუჯეტში, სადაც საკუთარი ხელფასები ათასობით ლარით გაიზარდეს, პენსია კი – 20 ლარით. ეს არის მათი დამოკიდებულება. 13 წელია, არ არსებობს გადასახადი, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შემცირდა, არ არსებობს სახელმწიფო გადასახადი და არ არსებობს მუნიციპალური გადასახადი, ყველა გადასახადი არა მარტო ორჯერ, არამედ სამჯერ გაიზარდა და სასურსათო კალათა, სამჯერ, ოთხჯერ გაიზარდა ფასები და ინფლაცია არის პირდაპირ დაკავშირებული, „ქართული ოცნების“ იმ მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის გამო ხდება ეს ყველაფერი”, – განაცხადა ფარულავამ.

გადაცემის წამყვანმა სტუმარს უთხრა, რომ მათ შეეძლოთ, გამოეყენებინათ ის მანდატები, რომელიც ამომრჩევლებმა მისცეს და ამ ყველაფრის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან ესაუბრათ, რაზეც ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომ ისინი არიან რეპრესიებისა და ტერორის მძიმე სპირალში 13 წლის განმავლობაში.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რა ფორმით უნდა აგოს პასუხი პოლიტიკურმა ძალამ, რომლის მიმართაც საკმაოდ მძიმე ბრალდებები არსებობს, თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ ხელისუფლების პოზიციას, არამედ იმ ათეულობით მოწმის ჩვენებებს საპარლამენტო კომისიის სხდომებზე, რომლებსაც საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა და, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს დაზარალდნენ, ლაშა ფარულავამ თქვა, რომ ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელსაც არავინ არ ცნობს, იყო ოპოზიციის ინსტრუმენტი და ეს ოპოზიციის ინსტრუმენტი ისევე მიისაკუთრა, როგორც მიისაკუთრა არჩევნები და დაწერა ის ციფრები, რაც უნდოდათ.

მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა დემოკრატიულ წესწყობილებაში პასუხი უნდა აგონ არჩევნებზე და არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ როგორი დაჭერა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მართავს ქვეყანას და ამიტომ საჭირო თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, სადაც შეფასდება პოლიტიკური პარტიები.

შეკითხვაზე, რა იგულისხმება ოპოზიციური ერთობის ფორმირებაში, რომლის შესახებაც თინა ბოკუჩავამ ისაუბრა, ფარულავამ აღნიშნა, რომ ღირებულებები, ფასეულობები და ევროპული მომავალი არის მნიშვნელოვანი, შესაბამისად, ამის გარშემო უნდა გაერთიანდეს საზოგადოება, მათი მხარდამჭერები, გულშემატკივრები და ის დემოკრატიული ძალები, რომლებიც ერთი წელია, იბრძვიან ქუჩაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

„ჩვენ ვიბრძვით, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმის გარეშე ასეთი არჩევნები ჩატარდეს და ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რადგან ეს ბრძოლა არამხოლოდ პოლიტიკური პარტიებისაა. უკვე ფორმირებულია ერთობა და ამ ერთობაში ვართ ყველა, ვინც რუსთაველის გამზირზე ვართ. ყველა, ვინც რუსთაველის გამზირზე ვართ, ვიბრძვით საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის, ევროპული მომავლისთვის. მთელი ქართული საზოგადოება, დემოკრატიული ძალები ახლა ვდგავართ ერთად. ის გამოწვევა, რომელსაც ჰქვია პარტიების აკრძალვა, არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს თანამოქალაქეებს ეუბნება ივანიშვილი, თქვენ არ გაქვთ უფლება, გქონდეთ პოლიტიკური იდენტობა. ამაშია საქმე და, ცხადია, ჩვენ, ყველას, გვაქვს საერთო პოზიცია, რომ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – განაცხადა ფარულავამ.