ლაშა ფარულავა – აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ოპონენტების, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო გარემო, რომელსაც ექნება სრული ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან

12:35, 18.07.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, დონალდ ტრამპის „ერთი პროტოკოლური წერილით“ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები არ და ვერ გადაიტვირთება.

მისი თქმით, ურთიერთობების გადატვირთვას სჭირდება ოპონენტების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და იმ საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელსაც ექნება სრული ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

„დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება ის დაზიანებული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რომელიც გამოიწვია ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ, ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა. ცხადია, იმედგაცრუება რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში არ გამქრალა, ამ ურთიერთობების გადატვირთვას, პირველ რიგში, სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ოპონენტების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და იმ საარჩევნო გარემოს შექმნა, რომელსაც ექნება სრული ნდობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ ნაბიჯებს არათუ არ დგამს „ქართული ოცნება“ არამედ აფართოებს რეპრესიებს. ამიტომ, არ მგონია, რაიმე შედეგი მოჰყვეს ამ წერილს ან იმ განცხადებებს, რომელსაც აკეთებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს წერილს უგზავნის და ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობას უხდის. ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ: „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველოდები ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“.

მსგავსი