ლაშა ფარულავა – აშშ-ში მიმდინარე პროცესი არის ამერიკელი ხალხის საქმე, „ოცნების“ მხრიდან აგენტების შესახებ კანონსა და გამჭვირვალობაზე საუბარი სიყალბეა

13:19, 17.09.2026

შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროცესი ამერიკელი ხალხის საქმეა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა.

ფარულავას კითხვა დაუსვეს აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ფიზიკურ პირებს უცხოურ აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს.

„რაც შეეხება ჩვენს პრობლემებს, ვინმეს თუ ჰყავდა აგენტი პროკურორი, ეს იყო „ქართული ოცნება“. ვინმეს თუ ჰყავდა ქურდი და კორუმპირებული უსაფრთხოების მინისტრი, ეს იყო გრიგოლ ლილუაშვილი, ვინმეს თუ ორჯერ ჰყავდა პრემიერ-მინისტრად ქურდი, ეს არის „ქართული ოცნება“ და ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში. ამ სისტემაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი დღემდე არის აბასთუმანში, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მას გამოკითხვაზე არავინ იბარებს. ამიტომ, „ოცნების“ მხრიდან საუბარი აგენტების შესახებ კანონზე, გამჭვირვალობაზე და იმ სისტემურ რეფორმებზე, რომელიც შეიძლება, ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდეს, არის სიყალბე“, – განაცხადა ფარულავამ.

ლაშა ფარულავა ამბობს, რომ „რუსული კანონი იყო პირველი მცდელობა, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულიყო“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საუბარია აგენტებზე, „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ჯაშუში ჰყავდა გენერალურ პროკურორად. ამ პოლიტიკური გუნდისგან, რომელსაც ეს წარსული და აწმყო აქვს, საუბარი მომავალზე, რეფორმებზე, გამჭვირვალობაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და მათ შორის, კანონი რუსულია, უცხოური, თუ ამერიკული, არის ფარისევლობა. „ქართული ოცნება“ არის ქვეყანაში მთავარი დამნაშავე პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა ჩამოშორდეს. როდესაც საუბარია კანონზე და ამ კანონის მთავარი მოტივაცია არის გამჭვირვალობა, ამაზე რომ „ქართული ოცნება“ საუბრობს, არის ფარისევლობა.

სინამდვილეში, რუსული კანონი იყო პირველი მცდელობა, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულიყო. შესაბამისად, 2023 წელს ქართველმა ხალხმა ეს რომ გადალახა, ივანიშვილმა ამ კანონის რეინიცირება მოახდინა და პირდაპირ თქვა, ბრიუსელის მხრიდან გაღებულ კარს შიგნიდან ვკეტავთო. ეს არის ის რეალობა, რომელიც ამ ქვეყანაში დადგა და ამაზე პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. კანონის შინაარსსა და მოტივაციაზე საუბარი აზრს კარგავს, რადგან ქურდის მხრიდან გამჭვირვალობაზე საუბარი სასაცილოა“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.

მსგავსი