ლაშა დვალის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე - უნგრელებმა უკრაინელებს ფრე გამოგლიჯეს (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლაშა დვალმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, მისმა გუნდმა კი, ფაქტობრივად, წაგებული საშინაო შეხვედრა ფრედ დაასრულა.
ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრების მცველის გუნდმა, უნგრულმა „ფერენცვაროშმა” ბუდაპეშტში კიევის „დინამო“ მიიღო და შეხვედრა 2:2 დაასრულა.
ლაშა დვალი სათადარიგოებში იყო და მოედანზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა. უნგრელები 41-ე წუთზე 0:2-ს აგებდნენ, დვალის გამოჩენის დროს სხვაობა 1:2 იყო, ხოლო 90-ე წუთზე „ფერენცვაროშმა“ მეტოქის კარი მეორედ აიღო და ქულა მოიპოვა.
უნგრულმა გუნდმა, რომელსაც კიევის „დინამოს“ ყოფილი თავდამსხმელი სერგეი რებროვი ავარჯიშებს, მიმდინარე გათამაშებაში პირველი ქულა მოიპოვა, ისევე როგორც უკრაინულმა გუნდმა. თუმცა ბურთების უარესი სხვაობით, „ფერენცვაროში“ ბოლო, მეოთხე ადგილზეა.
ლაშა დვალი მეორე ქართველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ითამაშა – დათა ხოჭოლავამ „შახტარში“ ორივე შეხვედრა ჩაატარა და მისი დამსახურებაც არის, დონეცკელებმა „რეალთან“ (სტუმრად 3:2) და მილანის „ინტერთან” (შინ 0:0) წარმატებით რომ ითამაშეს. ასეთ ძლიერ ჯგუფში „შახტარმა“ 2 ტურში 4 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა.