ლაშა ჟვანიამ ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ლაშა ჟვანიამ ისრაელის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ქალაქ იერუსალიმში, 12 სექტემბერს ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ლაშა ჟვანიას ისრაელის პრეზიდენტისთვის, რუვენ რივლინისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდგომ, მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე, პრეზიდენტმა, რივლინმა ისრაელ-საქართველოს დინამიურად მზარდი ორმხრივი ურთიერთობებისა და ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა.

ასევე, საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს მიმართა.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე საქართველოს ჩემი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორ სახელმწიფოში. არ დავიშურებ ძალ-ღონეს, რათა წმინდა მიწაზე ჩემი დიპლომატიური მისიის პერიოდში მაქსიმალურად ხელი შევუწყო ისრაელ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული ბრწყინვალე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, რასაც როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ვგრძნობ“, – აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

შეხვედრისას საქართველოს ელჩმა ისრაელის პრეზიდენტს მიულოცა 80 წლის იუბილე და გადასცა საქართველოს პრეზიდენტისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საჩუქრები.

შეხვედრის დასასრულს პრეზიდენტმა რივლინმა წარმატებები უსურვა საქართველოს ელჩს ისრაელის სახელმწიფოში მის დიპლომატიურ საქმიანობაში.

დატოვე კომენტარი