ლაშა ჟვანია - პრეზიდენტის ინაუგურაციასთან ერთად, დღეს ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის
პრეზიდენტის ინაუგურაციასთან ერთად, დღეს ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელმა განაცხადა.
„დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მეხუთე პრეზიდენტად არჩეულია ქალი პირველად არამხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. დღეს არის განსაკუთრებული დღე არამხოლოდ იმიტომ, რომ ინაუგურაციის დღეა, არამედ იმიტომ, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში და ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის. ეს ფაქტი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, დღევანდელი დღე ყველასთვის იქნება ზეიმი და ასევე სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
მისი თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ყველაფერი მზად არის, თელავში 1800-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.
„კახეთის რეგიონის თითქმის ყველა ქალაქიდან იქნებიან ჩამოსულები. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკას ინაუგურაციაზე. ეს იყო საფრანგეთის პრეზიდენტისა და მთავრობის გადაწყვეტილება. დამსხდარი მხოლოდ 800 ადამიანი ეტეოდა და გადაწყდა, რომ იდგებიან ფეხზე. ეს იყო სტუმრების გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ დაადასტურა, რომ ის არის დამოუკიდებელი, ყველას პრეზიდენტი. შესაბამისად, პროტესტი დღევანდელ დღეს ნაკლებად უხდება. უფრო მნიშვნელოვანია, ვიფიქროთ იმაზე, ეს ჩვენი გახლეჩილი საზოგადოება, როგორ გავერთიანდეთ”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.