ლაშა დარსალია - მნიშვნელოვანია, ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო არ დაიძაბოს, ეს ჟენევის მოლაპარაკებების არც ერთი დელეგაციის ინტერესებში არ შედის
ლაშა დარსალია - მნიშვნელოვანია, ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო არ დაიძაბოს, ეს ჟენევის მოლაპარაკებების არც ერთი დელეგაციის ინტერესებში არ შედის

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი საკმაოდ რთულ ფონზე მიმდინარეობს. ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს სირთულე ზოგადად, ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობას უკავშირდება.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ გადასასვლელების დაკეტვამ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო ადგილობრივი მოსახლეობა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ზოგადად, ჟენევის მოლაპარაკებებისას მთავარი მიმართულებებია უსაფრთხოების საკითხები და ადგილზე ჰუმანიტარული ვითარების საკითხები, რომლებიც ორ ჯგუფში განიხილება. შესაბამისად, ყველა მიმდინარე მწვავე საკითხი იქნება დასმული. გარდა ამისა, დასმული იქნება ის თემები, რომლებიც სამწუხაროდ, უკვე ტრადიციულად, ამ დრომდე ვერ გადაიჭრა და გამომდინარეობს ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი საკითხიდან – ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებიდან. ეს ეხება, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარულ თემებს, ეხება დევნილთა დაბრუნების საკითხს, რომლის განხილვასაც, სამწუხაროდ, რუსეთის დელეგაცია თავს არიდებს. სიმართლე გითხრათ, ახლაც არ გვაქვს მოლოდინი, რომ შევძლებთ ამ მხრივ წინ წასვლას“, – აღნიშნა დარსალიამ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის დღის წესრიგი დატვირთული იქნება მწვავე თემებით. მათ შორის, იქნება განგრძობადი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ადამიანთა გატაცებები. 48-ე რაუნდზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ დააყენებს და პასუხებს მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, როგორც ირაკლი კვარაცხელიას, ისე ოთხოზორია-ტატუნაშვილი-ბაშარულის საქმეებზე.

ლაშა დარსალიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაა, შეხვედრაზე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ქართულ-რუსული ურთიერთობების განხილვის საკითხიც დადგება.

„ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა გასაგებია, რომ არის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, თუმცა, რა თქმა უნდა, ქართულ-რუსული ურთიერთობების მიმდინარე ფონი და დაძაბული ვითარება საკმაოდ მნიშვნელოვანია და ვფქრობ, რომ გვექნება აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ საკითხებზე. ქართული დელეგაცია ცალსახად დააყენებს თავის პოზიციას, რომ მნიშვნელოვანია, ვიაროთ დეესკალაციის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ ისედაც დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო არ დაიძაბოს, რადგან ეს არც ერთი დელეგაციის ინტერესებში არ შედის“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ.