18-19 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით ვენაში იმყოფებოდა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, თომას გრემინგერს, ეუთო-ში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებსა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ლაშა დარსალიამ უცხოელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის კონტექსტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე. მინისტრის მოადგილემ პარტნიორებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციის მიმართულებით და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე.
შეხვედრებზე ვრცლად მიმოიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხები და დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის ნაბიჯები.
საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს საერთაშორისო პარტნიორებმა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეუთო-ს მზაობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში ორგანიზაციის შემდგომ აქტიურ ჩართულობაზე.