„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ ყოფილ პატიმარს, ლაშა არქანიას მოუსმინეს.
ლაშა არქანიამ ჯვრის პოლიციის და შემდგომ წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. ლაშა არქანიას თქმით, ჯვრის პოლიციის განყოფილებაში ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად და მისგან მოითხოვდნენ, დაედანაშაულებინა მისთვის უცნობი პირები წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანში ტერორისტული აქტის ჩადენაში.
ლაშა არქანიას განმარტებით, მანამდე, მის მიმართ ძალადობა მოხდა მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე და ამის შემდგომ გაგრძელდა ჯვრისა და წალენჯიხის პოლიციის განყოფილებებში. კერძოდ, ლაშა არქანიას განცხადებით, 2011 წლის 14 ივნისს, მის სატელეფონო ნომერზე განხორციელებული ზარის საფუძველზე, იმჟამინდელი რეჟიმის პოლიციელებმა სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს. ლაშა არქანია ამბობს, რომ ეს იყო მისი გატაცება.
„დაკავების მომენტიდან დამიწყეს ცემა. მომაქციეს სავარძლებს შორის, ხელები შემიკრეს მაისურით. ცეცხლსასროლი იარაღი ძალით ჩამჩრეს პირში, დამემუქრნენ მკვლელობით. შემდგომ მიმიყვანეს მეზობელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიტოვებული ქარხნის შენობაში, სადაც მცემდნენ, მაწამებდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მათ უკვე დამიწყეს სხეულზე, იღლიებში სიგარეტის დაწვა. მთხოვდნენ იმჟამად ძებნაში მყოფი ჩემთვის ნაცნობი, მაგრამ წარმოუდგენელი მიზეზებით ძებნილი პირის შესახებ ინფორმაციის გამოძალვას. არ მქონდა არანაირი ინფორმაცია“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.
ლაშა არქანიას ინფორმაციით, მის გატაცებაში მონაწილეობდნენ ჯვრის პოლიციის იმჟამინდელი განყოფილების უფროსი ვახტანგ აბაშიძე, ასევე რუსლან აბულაძე და ხატაბერ სამუშია.
„ჯვრის პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ წალენჯიხის პოლიციის განყოფილების უფროსმა, გოჩა გოგოხიამ იქ მყოფ პოლიციელებს უბრძანა, გარეთ გასულიყვნენ. შენობაში დაიტოვა ჯვრის პოლიციის განყოფილების უფროსი და მისი თანმხლები პოლიციელებითურთ გააგრძელა ჩემზე ფიზიკური ძალადობა, რომელიც გამოიხატებოდა იმით, რომ მან პირველად დამარტყა ხელი ჯვრის პოლიციის განყოფილებაში, შემდგომ იქ მის გვერდით მყოფ და ჩემ მიერ დასახელებულ პოლიციელებს დაუბარა, რომ გადაეწიათ ჟალუზები, ჩაექროთ შუქები და დავემუშავებინე. ეს დამუშავება გაგრძელდა მთელი ღამის განმავლობაში და ჩემ მიმართ ჰქონდათ მოთხოვნა, რომ მე დამესახელებინა, დავხმარებოდი მათ, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტულ აქტის ჩადენაში. ჩემი როლი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, თითქოს მე ვიყავი თვითმხილველი იმ პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის. გარკვეულ როლს დამაკისრებდნენ თითქოსდა დახმარებაში. ამის გამო მპირდებოდნენ, რომ იქნებოდნენ ჰუმანური, მომისჯიდნენ მინიმალურ სასჯელს, 2 წლის ვადით. თუ არ დავეხმარებოდი ამ ყველაფერში, დამპირდნენ, რომ თავად მათ აიძულებდნენ, ჩემთვის დაედოთ ხელი და დავედანაშაულებინე იმ დანაშაულში. იმ პირების შესახებ მე არათუ ინფორმაცია არ მქონდა, არამედ არც ვიცოდი, ვინ იყვნენ. ტერორისტული აქტის განხორციელების შესახებ მომეპოვებოდა ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი სოფლის მიმდებარე სოფლის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მოკლული იქნა წალენჯიხის იმჟამინდელი გამგებელი და ჩემი თანასოფლელი. ჩემგან მოითხოვდნენ, დამედანაშაულებინა ჩემთვის უცნობი პირები ამ ტერორისტული აქტის ჩადენაში. ჩემი წარმოდგენით, სამხედრო პროფესიიდან და იქიდან გამომდინარე, რომ იმჟამინდელი რეჟიმის მიმართ არ მქონდა შემწყნარებლური დამოკიდებულება, იყო ერთ-ერთი მოტივი იმისა, რაც განხორციელდა ჩემ მიმართ.
ჯვრის განყოფილებაში ჩემზე ძალადობა განხორციელდა ჯგუფურად. მირტყამდნენ ჩემ მიერ ხსენებული პოლიციელები. ადგილი ჰქონდა დახვრეტის იმიტაციას. გამიყვანა ჯვრის პოლიციის იმჟამინდელმა განყოფილების უფროსმა, ვახტანგ აბაშიძემ და სცადა დახვრეტის იმიტაცია. გამიყვანა დასახვრეტად. დამაყენა არჩევანის წინაშე, დაგხვრეტ ან დამეხმარეო. მე ავირჩიე დახვრეტა. გამიყვანა კიდეც ამ მიზნით, მაგრამ პირადად მან დამარტყა იარაღის კონდახი თუ მუჭი და მე აღმოვჩნდი მიწაზე, უგონო მდგომარეობაში, საბედნიეროდ, არდახვრეტილი. ამის შემდეგ დამემუქრა, რომ ზუგდიდიდან მოვიდოდნენ პირები, რომლებსაც ვერ გადავურჩებოდი. მოვიდნენ პირები, რომლებიც არანაკლები სისასტიკით გამოირჩეოდნენ. ეს იყო უკვე დილის პერიოდი. მთელი ღამის ცემისგან, წვალებისგან დაუძლურებული ვიყავი, ამ დროს კოხტა კოდუამ და, რამდენადაც ვიცი, ზუგდიდის პოლიციის რომელიღაც განყოფილების წარმომადგენლები იყვნენ, უსიტყვოდ, უმიზეზოდ დამიწყეს ხელახლა ცემა. მცემდნენ ხელებშეკრულს, როგორც მანამდე. მათ უთხრეს, რომ არ ვაპირებდი დახმარებას. ისინი მოითხოვდნენ არა მხოლოდ ხელის მოწერას, არამედ შემდგომ სასამართლო პროცესებში იმ პირების დადანაშაულებაში დახმარებას, რომელთა ვინაობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მომეპოვებოდა. უარის შემდეგ ჩემს პატიმრობაში დასატოვებლად მათ შეთითხნეს ბრალეულობა, თითქოს მე ნარკოტიკული ნივთიერება „ჰეროინი“ და ცეცხლსასროლი იარაღი ვაზნებით ვიპოვე გამოქვაბულში, თითქოსდა მოვიხმარე „ჰეროინი“ და თან წამოვიღე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, თითქოს სოფლის ცენტრში შეიარაღებული და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამაკავეს. იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა იარაღის და ნარკოტიკის ფლობა-მოხმარებაზე, რადგან კოხტა კოდუა დამემუქრა, საკუთარ დედაზე დაიგინა, რომ ხელკეტით გამაუპატიურებდა, თუ არ მოვაწერდი ხელს ამ ცრუ ბრალდებას“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.
ლაშა არქანიას თქმით, ამის შემდეგ ის გადაიყვანეს წალენჯიხის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე გაგრძელდა მისი ცემა და წამება.
„დამემუქრნენ ბუხარში დემონსტრაციულად ცეცხლში დაწვით იმის გამო, რომ მე მათ არ დავეხმარე მათთვის სასურველ საქმეში. ყოველივე ამის შესახებ მოვახსენე იმჟამინდელ პროკურორს, რომ ეს ადამიანები არიან მწამებლები და ბრალს მდებენ დანაშაულში, რაც არ ჩამიდენია და ხელი მოვაწერე დანაშაულს, რომელიც ასევე არ ჩამიდენია. წალენჯიხის პროკურორი იმჟამად იყო ლევან ფიფია. მან ჩემი განცხადების საფუძველზე, სავარაუდოდ, ორ თვემდე პერიოდის შემდეგ დანიშნა ექსპერტიზა და აღძრა საქმე“, – განაცხადა ლაშა არქანიამ.