ლაშა აბაშიძე – გამოცხადებულია ანაკლიის პორტთან მისასვლელი რკინიგზის ბაზრის კვლევა, ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, მოიცავს 18-კილომეტრიანი მონაკვეთის ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზი მთლიანობაში 18-კილომეტრიანი, სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.
„უკვე გამოცხადებულია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი რკინიგზის ბაზრის კვლევა. ეს „საქართველოს რკინიგზისთვის“ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი და მოიცავს 18-კილომეტრიანი მონაკვეთის სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩვენს არსებულ მაგისტრალთან. აღნიშნული პროექტის დაფინანსება მოხდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით და, ასევე, ყველა შესყიდვის პროცედურა განხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ლაშა აბაშიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში მოძრავი შემადგენლობის განახლების პროცესზე.
„საქართველოს რკინიგზაში უკვე დაწყებული გვაქვს მოძრავი შემადგენლობის განახლება. ამაში იგულისხმება როგორც სატვირთო ვაგონები, ასევე სამგზავრო მატარებლები“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
როგორც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი, მათგან დაახლოებით 60 უკვე შემოსულია საქართველოში, წლის ბოლომდე კი სრულად, 200-ივე სატვირთო ვაგონი იქნება შემოსული.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენ ეს შესყიდვა განვახორციელეთ პირდაპირ მწარმოებელთან, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, შუამავალი კომპანიების ჩართულობის გარეშე. ზოგადად, სწორად მიმაჩნია, რომ საქართველოს რკინიგზამ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განახორციელოს და უნდა შეიძინოს პირდაპირ მწარმოებელი ქარხნებისგან“, – აღნიშნა საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება სამგზავრო მატარებლებს, ლაშა აბაშიძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ათი ახალი სამგზავრო მატარებლის დამატება საქართველოს რკინიგზისთვის. ასევე, უკვე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. ლაშა აბაშიძის თქმით, შედეგად, ჯამში, საქართველოს რკინიგზა სამგზავრო მიმართულებას სრულიად ახალი, თანამედროვე მატარებლებით განახორციელებს.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ოპტიმიზაცია განვახორციელეთ რკინიგზაში, ეს იყო საოპერაციო ნაწილში და ასევე, შესყიდვების ნაწილში. სწორედ ამან მოგვცა საშუალება, რომ დაგვეწყო და დავაფინანსოთ ეს პროექტები. ეს დანაზოგი სრულიად მოხმარდება საქართველოს რკინიგზას და მოხმარდება იმ პროექტებს, რომლებიც უკვე დაწყებული გვაქვს“, – აღნიშნა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა.