ლარნაკა-ბათუმის სპეცრეისით საქართველოს 99 მოქალაქე დაბრუნდა [ვიდეო]

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლარნაკა-ბათუმის სპეციალური რეისით სამშობლოში 99 ადამიანი დაბრუნდა, – ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, მგზავრები, სპეციალური ავტობუსების მეშვეობით, სასტუმროებში – „ეიფორია“, „ლეჯენდი“ და „სითი“ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

„კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 3746 ადამიანია განთავსებული. რაც შეეხება აჭარას, აღნიშნულ რეგიონში კარანტინს 1162 ადამიანი გადის.