ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საკითხზე პროკურატურა ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავს
ლანჩხუთში ნაპოვნი პირადობის მოწმობების საკითხზე პროკურატურა ნუგზარ ცინცაძეს გამოკითხავს

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთის მერიის ყოფილი თანამშრომელი ნუგზარ ცინცაძე დღეს გამოიკითხება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ქეთევან ვაშაკიძე და მარეხ ორაგველიძე გამოძიებამ გუშინ გამოკითხა.

ისინი პროკურატურამ გამოკითხვაზე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სიუჟეტის გასვლის შემდეგ დაიბარა.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც მან სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

ტელეკომპანია „იმედმა“ 6 დეკემბერს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები კახა ასკურავას სიცრუეში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც რესპონდენტები ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იმ სარდაფში, სადაც პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს, არ ყოფილა და არც გარდაცვლილთა პირადობის მოწმობები უპოვია.

„იმედის“ ინფორმაციით, სარდაფის მოპირდაპირე შენობაში მდებარეობს გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქცია, რომელიც ნეკროლოგებს ბეჭდავს და ამისთვის გარდაცვლილთა პირადობის მოწმობებს ითხოვს. ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გაზეთის რედაქტორსა და ოპოზიციურ პარტიას შორის გარიგება შედგა და სწორედ ამ რედაქციიდან მოხვდა აღნიშნული დოკუმენტები სარდაფში. „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეს მოწმობები 2 დეკემბერს მიტინგზე წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს ხელისუფლება გურიაში ამ გზით აყალბებდა არჩევნებს.