ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ადამიანს გამოკითხავს
ლანჩხუთში ნაპოვნ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე ადამიანს გამოკითხავს

გასაღების ან გამოყენების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ლანჩხუთში, გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორის ქეთევან ვაშაკიძისა და მარეხ ორაგველიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პროკურატურა მათ გუშინ, ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაციის გასვლის შემდეგ დაუკავშირდა.

გამოძიება ასევე გამოკითხავს იმ პირებს, რომლებიც სატელევიზიო სიუჟეტში ფიგურირებდნენ და ლანჩხუთის საკრებულოს წევრის კახა ასკურავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრობდნენ.

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ასკურავა მთავარ პროკურატურაში 3 დეკემბერს მას შემდეგ გამოიკითხა, რაც სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთში გადაყრილი პირადობის მოწმობები აღმოაჩინა.

ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები კახა ასკურავას სიცრუეში ადანაშაულებენ. კერძოდ, როგორც რესპონდენტები ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იმ სარდაფში, სადაც პირადობის მოწმობები აღმოაჩინეს, არ ყოფილა და არც გარდაცვლილთა პირადობის მოწმობები უპოვია.

„იმედის“ ინფორმაციით, სარდაფის მოპირდაპირე შენობაში მდებარეობს გაზეთ „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქცია, რომელიც ნეკროლოგებს ბეჭდავს და ამისთვის გარდაცვლილთა პირადობის მოწმობებს ითხოვს. ტელეკომპანიის წყაროს ინფორმაციით, გაზეთის რედაქტორსა და ოპოზიციურ პარტიას შორის გარიგება შედგა და სწორედ ამ რედაქციიდან მოხვდა აღნიშნული დოკუმენტები სარდაფში. „ლანჩხუთი პლუსის“ რედაქტორი ამ ინფორმაციას უარყოფს.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ეს მოწმობები 2 დეკემბერს მიტინგზე წარადგინა იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს ხელისუფლება გურიაში ამ გზით აყალბებდა არჩევნებს.