„ლანჩხუთის“ კაპიტანი - გააზრებული გვქონდა, როგორ გვჭირდებოდა დღეს ქართველებს სიხარული
„ლანჩხუთის“ კაპიტანი - გააზრებული გვქონდა, როგორ გვჭირდებოდა დღეს ქართველებს სიხარული

ქალთა საფეხბურთო კლუბის, „ლანჩხუთის“ კაპიტანი ია ალელიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე რუმინეთში, ადგილობრივი „ოლიმპია კლუჟის“ დამარცხებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

„არ ვიცი, როგორ გადმოგცეთ ჩვენი გუნდის ისტორია და რა სიტყვებით უნდა აგიხსნათ, როგორი გუნდი ვართ. გაჭირვებითა და დიდი შრომით მიღწეულია წარმატება. მადლობა უფალს. გააზრებული გვქონდა ყველაფერი, თუ როგორ გვჭირდებოდა დღეს ქართველებს სიხარული. ჩვენი მიზანი იყო ეს სიხარული მოგვენიჭებინა. მადლობა ჩემს გუნდს. ყველა ადამიანს აქვს უფლება, ითამაშოს ის, რისი სურვილიც აქვს, გააკეთოს ყველაფერი მისი ქვეყნის წარმატებისთვის.

ფეხბურთი მხოლოდ კარგად თამაშს არ ნიშნავს, თანადგომაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფეხბურთს თამაშობს და წარმატებას ჯერ ვერ მიაღწიეს. ყველაფერი წინ არის. მადლობას გიხდით ყველას. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც გვერდში გვიდგახართ. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას“, – წერს ია ალელიშვილი.

საქართველოს ჩემპიონი ამ მოგებით გათამაშების 1/16-ფინალში გავიდა, რომლის წილისყრაც 24 ნოემბერს ნიონში, უეფა-ს ოფისში გაიმართება. ამ ეტაპზე მატჩები ორრაუნდიანია, 9/10 და 15/16 დეკემბერს გაიმართება. ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ოლიმპიური სისტემით ტარდება, არ იქნება ჯგუფური ეტაპი.