„ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონია, „ბათუმი“ ლიგა 2-ში დაქვეითდა #1TVSPORT
„ლანჩხუთმა“ ქალთა ლიგის ზედა ჯგუფის მესამე ტურში მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე საქართველოს ჩემპიონობა გაინაღდა.
გურულებმა დღეს, ხობში, ადგილობრივი „კოლხეთი“ 0:3 დაამარცხეს. ანგარში მე-20 წუთზე ხატია ჭყონიამ გახსნა. ერთ წუთში, თეონა ბაქრაძემ მეტოქეს მეორედ გაუტანა და რეალურად, მატჩის ბედი გადაწყვიტა. „კოლხეთი“ შეეცადა, თამაშის გადარჩენას, თუმცა შეხვედრის 62-ე წუთზე, ხატია ჭყონიამ დუბლი გაიფორმა და გუნდს მიმდინარე სეზონში გადამწყვეტი 3 ქულა მოუპოვა.
სფფ-ის ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, დედაქალაქური დერბი გაიმართა, რომელშიც, ქვეყნის 2020 წლის ჩემპიონი „ნიკე“ „კვარტალთან“ 1:3 დამარცხდა. „კვარტალის“ მოთამაშე ანასტასია ბოლქვაძემ დუბლი პენალტებით შეასრულა, ერთი გოლიც ნათია დანელიას ანგარიშზეა, ხოლო „ნიკეს“ გოლის ავტორი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი მაიკო ბებია იყო.
მატჩები ქალთა ლიგის ქვედა ჯგუფშიც გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ ბაზაზე, „მართვე“ „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. გორში „გორი იუნაიტედმა“ გათამაშების აუტსაიდერ „ბათუმს“ უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა. 3 ტურით ადრე გაირკვა, რომ ქალთა ლიგა 2-ში „ბათუმი“ დაქვეითდა, ხოლო პლეი-აუტში ქალთა ლიგა 2-ის მეორეადგილოსანს „გორი იუნაიტედი“ ან „მართვე“ შეხვდება. სამი ტურით ადრე, გორელები ტიტულოვან ქუთაისელებს მხოლოდ 3 ქულით უსწრებენ.