ლადო კახაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა ძველი თბილისის მცხოვრებლების პრობლემები მოგვარდეს
ლადო კახაძე - ყველაფერს გავაკეთებ, რათა ძველი თბილისის მცხოვრებლების პრობლემები მოგვარდეს

„ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ძველი თბილისის მცხოვრებლების პრობლემები მოაგვაროს.

როგორც ლადო კახაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის მიმართულების კუთხით მას ბევრი საჭირო და საინტერესო ინიციატივა აქვს, რომელსაც პარლამენტში წარადგენს.

„ადამიანებთან ურთიერთობა ახალი არ არის ჩემთვის, მაგრამ ამ ველზე უკვე იმის გახსენება დამჭირდა, რაც უკვე 20 წლის წინ იყო ჩემს ცხოვრებაში. შენ რომ გგონია, შენ იცი ყველაფერი, ასე არ არის, მოსახლეობამ გაცილებით მეტი იცის. საწუხარის გამოხატვის ფორმაც კარგად არის შეზავებული, არა მარტო ჩივიან, არამედ გზასაც გთავაზობენ. შევეხე რთულ თემას: მთაწმინდის რაიონში ამორტიზებული სახლებია, წლებში გაწელილია ამ საკითხის მოგვარება. ეს ისტორიული სახლებია, გამოვიდნენ ადამიანები და მომცეს თითოეული სახლის შესახებ ინფორმაცია, იციან აქედან გამოსავალი გზაც. ამას სჭირდება თანხები, მეცნიერული გადაწყვეტა, ურბანისტული ყველა წესის დაცვა“, – განაცხადა კახაძემ.

მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში შეხვედრები ჰქონდა ახალგაზრდებთან, შუა ხნის ადამიანებთან და მათგან მოისმინა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც აწუხებთ.

„ვერც ერთ მოსახლეს იმაში ვერ დავარწმუნებდი, რომ ექიმი კაცი ასოცირებული არ ვიქნებოდი რომელიმე კომიტეტში. ჩემთვის, ალბათ, ჯანდაცვის კომიტეტი იქნება, სადაც მათ ენერგიას, ჩემს გამოცდილებას შევმატებ. აქაც ჩემი წინადადებები მაქვს, ესეც განხილული მაქვს გუნდში. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტის გაზრდა, ანუ ლიმიტირებულ საზღვრებში მისი დაფინანსების სრულად მოცულობაში ანაზღაურება. ხმამაღლა ვამბობ, რომ ვარ ლობისტი და მხარდამჭერი თვითმმართველობის და სამი პრინციპის – დეცენტრალიზაცია, დელეგირება და დეკონცენტრაცია, ძლიერი ადგილობრივი ბიუჯეტი, ეს იქნება ის, რასაც მე ამ წელიწადნახევრის მანძილზე გავაკეთებ. რაც შეეხება მაჟორიტარის საქმიანობას, ჩემი კარი, როგორც ექიმის, არასდროს დაკეტილა, კარი არც ახლა დაიკეტება. იცის მოსახლემ, რომ გაჭირვების დროს თავისუფლად შეეძლება, კარი შემოაღოს, შემოვიდეს ყოველგვარი წინასწარი ჩაწერის გარეშე“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

დატოვე კომენტარი