ლადო კახაძე - ბავშვთა სიკვდილიანობის ბევრი მიზეზია, მათ შორის, პრობლემები პოტენციურ მშობლებში და გართულებები მშობიარობის დროს
ლადო კახაძე - ბავშვთა სიკვდილიანობის ბევრი მიზეზია, მათ შორის, პრობლემები პოტენციურ მშობლებში და გართულებები მშობიარობის დროს

„ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს: პრობლემები პოტენციურ მშობლებში, პრობლემები მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობის დროს გართულებები და შემდგომ უკვე, მეანგინეკოლოგებსა და ნეონატოლოგებს შორის დისკოორდინაცია“, – ამის შესახებ მეანგინეკოლოგმა, ლადო კახაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ლადო კახაძემ აღნიშნა, ისეთი სისტემა უნდა აშენდეს, სადაც სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავა.

„ხატოვანი შედარება რომ მოვიყვანოთ, თვითმფრინავში არის ვიპ სალონიც და ეკონომ სალონიც, მაგრამ თუ თვითმფრინავი ჩამოვარდა, გადარჩენის შანსი არავის არ აქვს და ორივე დაიღუპება. თუ პაციენტი დაზარალდა, რა მნიშვნელობა აქვს, სახელმწიფოსგან დაზარალდება თუ კერძო სტრუქტურის მიერ?! ჩვენ ისეთი სისტემა უნდა ავაშენოთ, სადაც სიკვდილიანობა მინიმუმამდე დავა და მე მგონია, რომ აქეთკენ მივდივართ,“ – განაცხადა ლადო კახაძემ. 

პირველი არხის ჟურნალისტის, მარიამ სეთურიძის შეკითხვაზე, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმებმა უნდა დაარიგონ თუ არა კონტრაცეპტივები, რასაც ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგია ითვალისწინებს, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ადამიანი თავად უნდა იყოს მზად, თავის ცხოვრების წესსა და მომავალს მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოს.

„ეს კეთილი განზრახვაა, მაგრამ ეს თემა რომ ვინმემ გააჟღეროს, სახელმწიფომ კონტრაცეპტივები უფასოდ უნდა დაარიგოსო, არასამთავრობო სექტორი ან ვინმე გამოხტება და იტყვის, რომ აი, სახელმწიფო მანქანაა ჩართული, რათა ჩვენი გამრავლება არ მოხდესო. ჩემი აზრით, ადამიანი თავად უნდა იყოს მზად, თავის ცხოვრების წესსა და მომავალს მთელი პასუხისმგებლობით მოეკიდოს“, – განაცხადა მეანგინეკოლოგმა.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე

დატოვე კომენტარი