ლადო კახაძე - ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ თბილისში ამორტიზებული შენობა-ნაგებობების პრობლემას ეშველება
ლადო კახაძე - ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ თბილისში ამორტიზებული შენობა-ნაგებობების პრობლემას ეშველება

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ძველი, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.

„ეს ურთულესი გამოწვევაა, ვიცი, რომ ამ კუთხით ნაფიქრია, შესანიშნავად განხორციელებული პროექტებიც უკვე თვალსაჩინოა. ადამიანებს აქვთ რწმენა, რომ ეშველება თბილისის პრობლემას, რომელიც ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს ეხება და ეს თავმოყრილია ძველ თბილისში, განსაკუთრებით მთაწმინდაზე“, – განაცხადა ლადო კახაძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, არის კიდევ ურთულესი თემა – კულტურული მემკვიდრეობის საკითხი.

„აქ არის ძალიან რთული გამოწვევები. ამ სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელია მისი სწორი აღქმა და რევიზია, რათა უუფლებო მესაკუთრენი გახდნენ ღირსეული მესაკუთრენი და კაპიტალურ შენობაში მათ ჰქონდეთ დაკანონებული უფლება, რომ შემდგომ ქალაქგანვითარებითი პროექტების შესრულების დროს, ისინი თანაბრად ლაპარაკობდნენ ჩვენთვის საშველ ძალასთან, რომელსაც ინვესტიცია, ინვესტორები ჰქვია“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძემ მადლობა გადაუხადა მხარდაჭრისთვის დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, რომელსაც, მისი თქმით, ბევრი საქმე აქვს გაკეთებული და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეს.

„ჩემი ოფისის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა თქვენთვის და ნებისმიერ დროს, თითოეულ თქვენგანს შეგეძლებათ როგორც საკუთარ ოჯახში მოხვიდეთ და დაგროვილი პრობლემების შესახებ ვისაუბროთ, რომლის მოწესრიგებაც დაწყებულია და სადაც შეიძლება ამ პრობლემების მოგვარების, თქვენი ადგილისა და როლის დანახვა – ჩემთან და ჩვენთან ერთად“, – განაცხადა ლადო კახაძემ.