ლადო ჩიხრაძემ ესპანურ გამოცემასთან „ატლეტიკოში“ ვარჯიში გაიხსენა - საქართველოსადმი მეტი ყურადღება თუ იქნება, აქ ბევრ მარგალიტს აღმოაჩენენ #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ესპანური გამოცემა „დიარიო ასი“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების გაფართოებულ სიაში დასახელებულ 21 წლის თავდამსხმელს, ლადო ჩიხრაძეს ესაუბრა, რომელიც 2018/19 წლებში მადრიდის „ატლეტიკოს“ დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობდა, ახლა კი ეროვნულ ლიგაში წყალტუბოს „სამგურალის“ ღირსებას იცავს.
ლადო ჩიხრაძე ევრო 2023-ისთვის საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ განაცხადში მოხვდა. ის თამაშობდა მადრიდის „ატლეტიკოს“ ახალგაზრდულ გუნდში და ვარჯიშობდა დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით. ასევე გამოდიოდა „რეკრეატივოსა“ და „ესტრემადურაში“ . ამჟამად „სამგურალში“ თამაშობს – 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა, რისთვისაც 313 წუთი დასჭირდა (ანუ საშუალოდ თითო გოლი 44 წუთში).
ლადომ „დიარიო ასთან“ ესპანეთში გატარებული პერიოდი გაიხსენა, მომავალ ევროპის ჩემპიონატსა და ქართულ ფეხბურთზეც ისაუბრა.
„2017 წლის ნოემბერში ტესტირებაზე ვიყავი ჯერ იტალიაში, კერძოდ „სპალში“, საიდანაც მადრიდის „ატლეტიკოში“ გავემგზავრე. ერთი კვირაში ორივემ დამირეკა. არჩევანი „ატლეტიკოს“ სასარგებლოდ გავაკეთე. მადრიდში 2018 წლის აგვისტოში ჩავედი და ერთი სეზონი ვითამაშე.
რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთადაც ვივარჯიშე, მოედანზე გრიზმანთან, კოკესთან, საულთან, ლემართან, დიეგო კოშტასთან, გოდინთან, ხიმენესთან ყოფნა 17 წლის ბიჭისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო გამოცდილება იყო. მთავარ გუნდთან ერთად მოედანზე რომ გავედი, ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. სიმეონე მხარზე რომ შემეხო, ავკანკალდი, რაღაცას მეუბნებოდა, მაგრამ კარგად არ მესმოდა, რადგან მაშინ ესპანურად ვერ ვლაპარაკობდი.
ერთი წლის შემდეგ კონტრაქტი „რეკრეატივოსთან“ გავაფორმე, მაგრამ დებიუტი გარკვეული ხნით გადაიდო, შემდეგ კი პანდემიამ ყველაფერი გაართულა. „ესტრემადურაში“ წავედი, მაგრამ 2022 წლის მარტში კლუბმა ვალები ვერ დაფარა და ჩემპიონატიდან დისკვალიფიცირებულ იქნა.
დრო იყო სახლში წავსულიყავი და ყველაფერი თავიდან დამეწყო. საქართველოში დაბრუნება ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა იყო. მინდოდა, ევრო 2023-ზე კვარაცხელიასთან, მამარდაშვილთან, მიქაუტაძესთან და სხვებთან ერთად მეთამაშა.
ჩვენს ქვეყანაში ახალი, „ოქროს თაობა“ მოდის, საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. კვარას დონე უფრო მაღალია. მისი „აფეთქება“ ევროპაში არ გამკვირვებია. დიდი ხანია, ვიცნობ, მოკრძალებული ბიჭია, ბევრს შრომობს, დიდ დროს უთმობს ფეხბურთს და ასაკობრივ ნაკრებშიც ეტყობოდა, რომ მაღალ დონეს მიაღწევდა. მან ქვეყნის სახელი ევროპაში გაიტანა, საოცარ საქმეებს აკეთებს გუნდისთვის, ეროვნული ნაკრებისა და ჩვენი ფეხბურთელებისთვის.
საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებული ხალხი ცხოვრობს და ბევრი ტალანტია. ფეხბურთზე ბევრი ბავშვი დადის, მაგრამ ევროპაში ყველა ვერ მიდის და ტალანტები იკარგებიან. თუ საქართველოსადმი გაცილებით მეტი ყურადღება იქნება, აქ ბევრ მარგალიტს აღმოაჩენენ. კვარა სამშობლოში კერპია, ჩვენ უკვე გვყავდა კალაძე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, კობიაშვილი და კიდევ ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც აქ ლეგენდები არიან. პირადად ვიცნობ მამარდაშვილსაც, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ შანსს იმსახურებდა. ის „ვალენსიაში“ განვითარდა და კიდევ მეტ წარმატებას ვუსურვებ.
ევრო 2023 დიდი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ტურნირზე წარმატებას მივაღწიოთ. ჩემპიონატზე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გუნდი ითამაშებს – ამ თაობის მოთამაშეებს დიდი სურვილი გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ ევრო 2024-ზე, ამის გაკეთება ერთა ლიგიდანაც შეგვიძლია.
მინდა ესპანეთში დაბრუნება, რომელთანაც მშვენიერი მოგონებები მაკავშირებს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. საქმეები კარგად მიმდის, ესპანეთისა და სხვა ქვეყნების გუნდები დაინტერესდნენ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებ.
ახლა მთავარი მიზანი ევრო 2023-ზე მონაწილეობაა, სადაც საქართველო წარმატებაზე ოცნებობს და მიმაჩნია, რომ ჩვენი ნაკრები ტიტულის ერთ-ერთი პრეტენდენტი იქნება. შევეცდები, საბოლოო განაცხადში მოვხვდე და ვაჩვენო, რომ ამ ტურნირზე თამაშს ვიმსახურებ“, – ამბობს ლადო ჩიხრაძე.