ლადო აფხაზავას სახალისო პრეზენტაცია დუბაიში [ვიდეო]

პედაგოგმა ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა სწავლების საკუთარ მეთოდზე ისაუბრა. დამსწრეებს მან უამბო იმ პროექტებზე, რომლიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული, მათ შორის პროექტზე „დემოკრატიული რევოლუცია“, რომელიც ბავშვებს აჩვენებს, რას ნიშნავს, თავად დაიწყო ზრუნვა შენს თემში არსებულ პრობლემებზე. ამავე პროექტის ფარგლებში ბავშვების ინიციატივით მოწესრიგდა სოფელ ჩიბათის ინფრასტრუქტურა, მათ შორის შიდა გზები და ხიდები.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ლადო აფხაზავამ დამსწრეებს შესთავაზა იმ თამაშებში მონაწილეობის მიღება, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. შეთავაზება სახალისო აღმოჩნდა და მასში მთელი დარბაზი ჩაერთო.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის „განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე“ ხვალ გამოვლინდება. პრიზი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.