კვლევის მიხედვით, ინტერნეტმომხმარებლები ე.წ. მეკობრულ ვებგვერდებს 2018 წელს 190 მილიარდჯერ ესტუმრნენ
კვლევის მიხედვით, ინტერნეტმომხმარებლები ე.წ. მეკობრულ ვებგვერდებს 2018 წელს 190 მილიარდჯერ ესტუმრნენ

ინტერნეტმომხმარებლები ე.წ. მეკობრულ ვებგვერდებს 2018 წელს 190 მილიარდჯერ ესტუმრნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ტექნოლოგიური კომპანია „მუსო“ ავრცელებს, რომელიც მედიაკომპანიებს და ავტორებს მათი პროდუქციის საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელების შემთხვევების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

მუსოს“ კვლევის თანახმად, „მეკობრულ“ ვებგვერდებს მომხმარებლების 49,38% უკანონოდ და ლიცენზიის გარეშე გავრცელებული სატელევიზიო პროდუქციის, ხოლო 17,9% კი, ფილმების სანახავად სტუმრობს.

საავტორო უფლებების დარღვევით გავრცელებულ მუსიკას მომხმარებელთა 15,87 % უსმენს და იწერს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, „მეკობრული“ ვებგვერდების უმეტესობა ე.წ. სტრიმინგ გვერდებია.

ყველაზე ხშირად „მეკობრულ“ ვებგვერდებს აშშ-ის მოქალაქეები სტუმრობდნენ. 2018 წელს არალიცენზირებული პროდუქციის გამავრცელებელ გვერდებზე ამერიკელი ინტერნეტმომხმარებელები 17 მილიარდჯერ შევიდნენ.

მეორე ადგილზეა რუსეთი – 14 მილიარდი ვიზიტით. მესამე კი, ბრაზილიაა. ათეულშია ინდოეთი, საფრანგეთი, თურქეთი, უკრაინა, ინდონეზია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.

„ე.წ. ციფრული მეკობრეობა გლობალური პრობლემაა. ყველაზე ხშირად „მეკობრეების“ სამიზნე ტელეპროდუქციაა, მომხმარებლებს შორის სწორედ ეს პროდუქტია პოპულარული“, – განაცხადეს კვლევის ავტორებმა.