კვირკველია „დინამო თბილისში“ ითამაშებს - საბამ კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა #1TVSPORT
საბა კვირკველია „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა, – ინფორმაცია თბილისური კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა.
საბა კვირკველია უგუნდოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დარჩა, რადგან საუდის არაბეთის „ალ აჰდუდი“ დატოვა, სადაც ერთი სეზონი გაატარა და ფორმის შესანარჩუნებლად ბოლნისის „სიონში“ ვარჯიშობდა. სწორედ უთამაშებლობა გახდა მიზეზი, რის გამოც 32 წლის გამოცდილი მცველი ვილი სანიოლმა სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებზე არ გამოიძახა.
32 წლის კვირკველია თამაშობდა ყაზანის „რუბინში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის „როტორში”, ხარკოვის „მეტალისტში“, „გაგრაში“ და ბაქოს „ნეფთჩიში“. საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს 61 შეხვედრა და ორჯერ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.