კვირკველია-დავითაშვილის „როტორი“ „რუბინთან“ შეხვედრის ბოიკოტს აპირებდა #1TVSPORT
ვოლგოგრადის „როტორმა“ (სადაც ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა) რუსეთის პრემიერლიგაში მე-15 ადგილი დაიკავა და პირველ ლიგაში დაქვეითდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იური ბატურენკომ გავარდნის შესახებ სკანდალური განცხადებები გააკეთა.
„ბოლო ტურებში ძალიან ლამაზი და ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშეთ. ზოგიერთმა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა – ფლამარიონი, დავითაშვილი შესანიშნავი ბიჭები არიან. მათი მადლობელი ვარ. სამწუხაროა, რომ ლიგიდან გავვარდით. მაგრამ ჩვენი პირდაპირი კონკურენტების (უფა-არსენალი) თამაშამდე ყველა დარწმუნებული იყო, რომ საბოლოოდ მატჩი მათთვის სასურველი შედეგით დასრულდებოდა. ყველას ყველაფერი ესმოდა. ტურის დასრულებამდე ყველაფერი გასაგები იყო, უბრალოდ ამაზე ხმამაღლა არავინ ლაპარაკობს“, – თქვა ბატურენკომ Sport24–თან.
უფრო გასაგებად ამ საკითხზე გუნდის „როტორის“ გენერალურმა დირექტორმა ანდრეი რეკეჩინსკიმ ილაპარაკა.
„ჩვენ გავიგეთ, რომ უფაში მატჩი ჩვენი შეხვედრის პარალელურად არ იწყებოდა. გვითხრეს, რომ თითქოს უფაში ტემპერატურა იმხელა იყო, მატჩი ვერ ჩატარდებოდა. დავრეკე პრემიერლიგის აღმასრულებელ დირექტორ სერგეი ჩებანთან და ვითარების ახსნა ვთხოვე. მან რეგულაციებს მიმართა და თქვა, რომ უფაში 35 გრადუსზე მეტია და რომ ასეთ პირობებში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა, იყო აზრები, რომ მოედანზე არ შემოვსულიყავით, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ტექნიკურ მარცხს ჩაგვითვლიდნენ და ასე ვერაფერს მივაღწევდით. არ მინდოდა მოთამაშეების გაღიზიანება, რომლებიც უკვე მატჩისთვის ემზადებოდნენ”, – თქვა რეკეჩინსკიმ ტელეკომპანია „მატჩ პრემიერის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „უფასა“ და ტულას „არსენალს“ შორის შეხვედრა მაღალი ტემპერატურის მომიზეზებით ორი საათის დაგვიანებით დაიწყო, როდესაც ცნობილი იყო, რომ „როტორმა“ ყაზანში „რუბინთან“ 1:1 ითამაშა. „უფამ” 2:1 მოიგო, 25 ქულა დააგროვა და „როტორი“ პირველ ლიგაში დააქვეითა. ვოლგოგრადულ კლუბში ზურიკო დავითაშვილი, საბა კვირკველია, ნიკა ყიფიანი და გიორგი არაბიძე თამაშობენ.