დავითაშვილი ორი გამოცემის სიმბოლურშია - ერთ-ერთის აზრით, მან „რუბინის“ ფლანგი უბრალოდ გაარღვია #1TVSPORT
დავითაშვილი ორი გამოცემის სიმბოლურშია - ერთ-ერთის აზრით, მან „რუბინის“ ფლანგი უბრალოდ გაარღვია #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის 30-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ვერსიით მოხვდა – საქართველოს ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ შემტევი ნახევარმცველი ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა Whoscored-მა და რუსულმა პორტალმა „ფუტბოლ კულიჩკიმ“ გამოარჩია.

Whoscored-მა 20 წლის ფეხბურთელს ყაზანის „რუბინთან“ (რომელსაც ქართველის სატრანსფერო უფლება ეკუთვნის) ბოლო ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა – დავითაშვილმა 7.9 ქულა მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ამ მაჩვენებლით ზურიკო დავითაშვილი ტურის საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულში მოხვდა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. დავითაშვილი რუსეთის პრემიერლიგის 29-ე ტურში „სოჭთან“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „მატჩ პრემიერმა“ აღიარა.

რუსულმა პორტალმა „ფუტბოლ კულიჩკიმ“ ქართველი ფეხბურთელი სიმბოლურ გუნდში გროზნოს „ახმატის“ ქართველ მეკარესთან, გიორგი შელიასთან ერთად დაასახელა, რაც ასე ახსნა.

„დავითაშვილი თავის კლუბთან სათამაშოდ განსაკუთრებული მონდომებით გავიდა და ფლანგი უბრალოდ გაარღვია. დაცვაშიც ახერხებდა ბურთის მოპოვებას და შეტევაშიც ბევრი მწვავე გადაცემა გააკეთა – დრიბლინგებზე წარმატებით მიდიოდა და კარშიც ბევრჯერ დაარტყა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მცდელობები სიზუსტით არ გამოირჩეოდა. ამასთან, დავითაშვილი ფლანგზე ბრძოლებს იგებდა, „ჟანგბადი“ გადაუკეტა ზოტოვს და მაკაროვი შეაჩერა, რომელიც მხოლოდ შორეული დარტყმებით შემოიფარგლებოდა“.

ამ გამოცემის ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ 20 წლის ქართველს ყაზანელები დააბრუნებენ,

„თუ ხვიჩა კვარაცხელია გაიყიდება, ზურიკოს დიდი შანსი აქვს „რუბინში“ ითამაშოს. ფაქტია – დავითაშვილს ყაზანში 7 ართმევა დაუგროვდა და ანგარიშზე 4 წარმატებული დრიბლინგი ჩაიწერა“.