საბა კვირკველიასა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა რუსეთის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ახალ გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდან დაიწყებს.
მოსკოვის „ლოკომოტივმა“ პრემიერლიგის ბოლო, 30-ე ტურში „უფა“ 1:0 დაამარცხა და 56 ქულა დააგროვა, ისევე როგორც „კრასნოდარმა“, მაგრამ პირად შეხვედრებში უკეთესი ბალანსით ვიცე-ჩემპიონობა და ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
სამწუხაროდ, ზუსტად სანაკრებო მატჩების წინ კვირკველია დაშავდა. ქართველი მცველი „ლოკომოტივის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-17 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. საინტერესოა, რომ მისი შემცვლელი დიმიტრი ტარასოვიც პირველ ტაიმში დაშავდა და მის ნაცვალდ 29-ე წუთზე მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია გამოჩნდა.
საქართველოს ნაკრები ევრო2020-ის შესარჩევი ეტაპის მორიგ შეხვედრას 7 ივნისს თბილისში გიბრალტართან გამართავს, ხოლო 10 ივნისს დანიას ესტუმრება. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია კვირკველიას ტრავმა და მოახერხებს თუ არა გამოცდილი მცველი სანაკრებო შეკრებაზე ჩამოსვლას.