კვიპროსული მედია - ქეცბაიასთან „ანორთოსისი“ ახალ კონტრაქტს კვირის განმავლობაში გააფორმებს #1TVSPORT
კვიპროსული მედია - ქეცბაიასთან „ანორთოსისი“ ახალ კონტრაქტს კვირის განმავლობაში გააფორმებს #1TVSPORT

„ანორთოსისი“ და თემურ ქეცბაია ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე და პირობებზე შეთანხმდნენ – ინფორმაციას ინტერნეტ-პორტალისიგმალაივი“ ავრცელებს.

„ქართველი მწვრთნელი, რომლის ხელშიც ფამაგუსტას გუნდმა თავის ისტორიაში მე-11 თასი მოიპოვა, ხოლო ბოლო 13 წლის განმავლობაში – პირველი ტიტული, მზად არის ახალი კონტრაქტი გააფორმოს. მხარეებმა ახალი ხელშეკრულება და მისი ფინანსური ნაწილიც შეათანხმეს, რომელიც ორ წელზეა გათვლილი“, – წერს გამოცემა.

ინფორმაცია გუნდის პრესმდივანმა დიმიტრის ხრისტოფორმაც დაადასტურა.

„ახალი კონტრაქტი, სავარაუდოდ, კვირის განმავლობაში გაფორმდება. თემურთან ძირითადი პრინციპები შეთანხმებულია. ის არ არის მხოლოდ მწვრთნელი, არამედ – მენეჯერიც. მისი პასუხისმგებლობის სფერო გაფართოვდა. სავარაუდოდ, მოლაპარაკება ერთ კვირაში დასრულდება. მთავარია, სრული თანხმობა იყოს ყველა საკითხში. მიზანი კი გარკვეულია – ჩემპიონატის მოგება“.

სიგმალაივის“ ცნობით, „ანორთოსისის“ მენეჯმენტი და თემურ ქეცბაია შემადგენლობის ცვლილებას გეგმავენ და გიორგი ქვილითაიას დატოვება სურთ, ოქრიაშვილის წასვლა კი გადაწყვეტილია.

„გასაგებია, რომ ოქრიაშვილი აღარ რჩება. „გენტთან“ ქვილითაიას იჯარაც დასრულდა და გუნდი ცდილობს, რომ ის შეინარჩუნოს. „ანორთოსისის“ მენეჯმენტმა იცის ქეცბაიას სურვილი, რომ შექმნას გუნდი, რომელიც ტიტულს მოიგებს და ჩემპიონი გახდება“.