კვიპროსული მედია - ქეცბაიას ნინუას აყვანა სურს, რომელშიც პაოკ-მა 850 ათასი გადაიხადა
კვიპროსული მედია - ქეცბაიას ნინუას აყვანა სურს, რომელშიც პაოკ-მა 850 ათასი გადაიხადა

სალონიკის პაოკ-იდან თემურ ქეცბაიას ნიკა ნინუას „ანორთოსისში“ გადაყვანა სურს, – ინფორმაციას კვიპროსული რადიო „სპორტ ფმ“ ავრცელებს.

„ეს ის ფეხბურთელია, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ძალიან კარგად იცნობს და სჯერა, რომ შეუძლია „ანორთოსისში“ რაღაც შეცვალოს“, – წერია „სპორტ ფმ“-ის ვებგვერდზე.

„სპორტ ფმ“ ნიკა ნინუას თბილისის „დინამოდან“ საბერძნეთში გადასვლაზე საინტერესო და უცნობ დეტალს აქვეყნებს.

„21 წლის ქართველი ნახევარმცველი სალონიკის გუნდმა წელს შეიძინა და მის ტრანსფერში 850,000 ევრო გადაიხადა, რადგან ნინუა საქართველოს ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლება“, – ამტკიცებს „სპორტ ფმ“.

რადიოს ვებგვერდმა ნინუას პაოკ-ში გადასვლის დროს თემურ ქეცბაიას გაკეთებული კომენტარი გაიხსენა.

„გამიკვირდა, რომ „ბეშიქთაშში“ არ გადავიდა. არადა, ვიცოდი, რომ თურქეთის გუნდში მისი ტრანსფერი გადაწყვეტილი იყო. მას აქვს ძალიან კარგი ტექნიკა და ძალიან კარგი დარტყმები. იგი პატარაობიდანვე გამორჩეული და წამყვანი ფიგურა იყო. 21 წლის ასაკში ნინუა თბილისის „დინამოს“ კაპიტანი გახდა, რადგან თანაგუნდელებმა ლიდერად აღიარეს. ის გუნდს ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა და მჯერა, პაოკ-საც დაეხმარება“, – აცხადებდა ქეცბაია.

თუმცა, ნინუას პაოკ-თან ადაპტაციის დრო გაეწელა, წელს სალონიკის გუნდში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა – „სპორტ ფმ“-ის ცნობით, ამის გამო ბერძნებს ნინუას იჯარით გაშვება სურთ, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.