კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისს“ კაჭარავას ტრანსფერზე წინადადება არ მიუღია
კვიპროსული გამოცემა - „ანორთოსისს“ კაჭარავას ტრანსფერზე წინადადება არ მიუღია

კვიპროსში სეზონის შეწყვეტის შემდეგ ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ორივე თავდამსხმელი, საქართველოს ნაკრების შემტევი ნიკა კაჭარავა და სლოვაკეთის ნაკრების ფორვარდი მიხალ დურიში დატოვებდნენ.

მაგრამ „კვიპროსტაიმსი“ ამტკიცებს, რომ ეს საკითხი დახურულია, თემურ ქეცბაია კი ახალ სეზონში ისევ ქართულ-სლოვაკური დუეტის იმედად იქნება.

„ცნობილი გახდა, რომ „ანორთოსისი“ ახალი სეზონისთვის ახლა მხოლოდ ორ ნახევარმცველს ეძებს. დანარჩენ პოზიციაზე გუნდი დაკომპლექტებულია და თემურ ქეცბაია შემადგენლობაში მკვეთრ ცვლილებას არ გეგმავს“ – წერს გამოცემა.

„კვიპროს ტაიმსი“ ქართველის შესახებ უფრო კონკრეტულ ინფორმაციას აქვეყნებს: „თავდამსხმელის შეძენა ქეცბაიას სატრანსფერო გეგმებში არ შედის. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დურიშსა და კაჭარავას კონკრეტული შეთავაზება ექნებათ. მაგრამ მათ თაობაზე ჯერ ფამაგუსტას გუნდს არავინ დაკავშირებია“.

კვიპროსული გამოცემა ამტკიცებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, გუნდი კაჭარავასა და დურიშის შემცვლელს დაიმატებს:

„არსებობს ვარიანტი, რომ „ანორთოსისში“ 22 წლამდე ასაკის თავდამსხმელი გადავიდეს, რომელიც ძირითადი გუნდის წევრი არ იქნება და მთავარი თავდამსხმელების შემცვლელი იქნება. ეს კიდევ ერთი ვარიანტია“, – წერს „კვიპროს ტაიმსი“.