კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი - კვიპროსი იქნება საქართველოს ელჩი ევროკავშირში
კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადისი - კვიპროსი იქნება საქართველოს ელჩი ევროკავშირში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოს ანასტასიადისს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნიკოს ანასტასიადისის ვიზიტი კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი და ისტორიული ვიზიტია საქართველოში. ხაზი გაესვა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ კავშირებს, როგორც მყარ საფუძველს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

„ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე, ევროპული ინტეგრაციის აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ კვიპროსი მზად არის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და იყოს საქართველოს სანდო ელჩი ევროკავშირში. პრეზიდენტმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს პრინციპული პოზიციისთვის კვიპროსის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კვიპროსში მცხოვრებ ქართულ დიასპორაზე, ჩვენი თანამემამულეების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. ამ მხრივ ირაკლი კობახიძემ ნიკოს ანასტასიადისს მადლობა გადაუხადა კვიპროსის მხრიდან ქართული დიასპორისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის. ამასთან, კვიპროსის მხარისადმი გამოხატა განსაკუთრებული მადლიერება უსასყიდლოდ სრულ მფლობელობაში გადმოცემული სამონასტრო მიწის ნაკვეთის გამო.

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკურ რეფორმებზე და ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მაღალ მნიშვნელობას.