კვეკვესკირმა ითამაშა, წიტაიშვილი სათადარიგო იყო - „ლეხი“ „ფიორენტინასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კვეკვესკირმა ითამაშა, წიტაიშვილი სათადარიგო იყო - „ლეხი“ „ფიორენტინასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

ქართველების პოზნანის „ლეხმა“ კონფერენსლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ფიორენტინას“  უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონის ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილის, დიდი ხნის პაუზის შემდეგ განაცხადში დაბრუნდა, მაგრამ თამაშის შესაძლებლობა არ მიეცა.

იტალიელებმა თამაში სასურველი სცენარით დაიწყეს და სწრაფად დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე ძელიდან ასხლეტილი ბურთი საჯარიმოში არტურ კაბრალმა მიიღო და მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

პოზნანის „ლეხმა“ იტალიელებს მთელი ძალებით შეუტია და მე-20 წუთზე გათამაშებული სწრაფი და ეფექტური შეტევა გოლით დააგვირგვინა. მიხალ იშჩაკმა საჯარიმოს სიახლოვესთან კრისტოფერ ველდე მონახა, რომელმაც ძლიერად და ზუსტად დაარტყა – 1:1.

ტაიმის ბოლოს „ფიორენტინა“ ისევ დაწინაურდა. 41-ე წუთზე კრისტიანო ბირაგის გადაცემით ნიკოლას გონსალესმა ისარგებლა, მცველს „მეორე სართულზე“ აჯობა და იტალიელებმა ტაიმი 2:1 მოიგეს.

„ფიორენტინამ“ 58-ე წუთზე უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. ჯონათან იკონეს დარტყმა დაიბლოკა, მაგრამ დამატებაზე ჯაკომო ბონავენტურამ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. 64-ე წუთზე კი იკონემ მეოთხეც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კონფერენსლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრას „ფიორენტინა“ უმასპინძლებს – იტალიელები „ლეხს“ „სტადიო არტემიო ფრანკიზე“ 20 აპრილს დაუპირისპირდებიან.

კონფერენსლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრების შედეგები:

გენტი (ბელგია) – ვესტ ჰემი (ინგლისი) 1:1

ანდერლეხტი (ბელგია)-ალკმაარი (ნიდერლანდები) 2:0

ბაზელი (შვეიცარია)-ნიცა (საფრანგეთი) 2:2