კვეკვესკირმა ევროპალიგის გამარჯვებულს გაუტანა - „ლეხი“ „აინტრახტს“ ორჯერ დაუპირისპირდა [ვიდეო] #1TVSPORT
კვეკვესკირმა ევროპალიგის გამარჯვებულს გაუტანა - „ლეხი“ „აინტრახტს“ ორჯერ დაუპირისპირდა [ვიდეო] #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა ევროპალიგის ბოლო გათამაშების გამარჯვებულს, ფრანკფურტის „აინტრახტს“ საკონტროლო შეხვედრაში გოლი გაუტანა, პოზნანის „ლეხმა“ კი გერმანიის ბუნდესლიგის გუნდთან ორი მატჩი ჩაატარა, ერთი – წააგო, მეორე კი – ფრედ დაასრულა.

პოლონეთის ჩემპიონი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ემზადება – ჯონ ვან დენ ბრომის ფეხბურთელები ადგილობრივ „აჯმანთან“ (1:1) მატჩის შემდეგ, დუბაიში ორჯერ დაუპირისპირდნენ „აინტრახტს“, რომელიც ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე ადგილზეა.

პირველი ამხანაგური მატჩი, სადაც ქართველებს არ უთამაშიათ, ფრანკფურტელთა გამარჯვებით დასრულდა – 0:1. მეორე სპარინგში ნიკა კვეკვესკირი (46 წუთი ითამაშა) და გიორგი წიტაიშვილი პოზნანელთა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. 23-ე წუთზე კი კვეკვესკირმა საჯარიმო შესანიშნავად შეასრულა, ბურთი კარის „ცხრიანში“ ჩაახვია და პოლონელების უპირატესობა გაზარდა.

თუმცა, „ლეხმა“ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მე-40 წუთზე „აინტრახტის“ არგენტინელმა ლეგიონერმა ლუკას ალარიომ სხვაობა შეამცირა, ხოლო 78-ე წუთზე აურელიო ბუტას დარტყმული ბურთი პოლონელთა 16 წლის დებიუტანტს, პატრიკ ოლეინიკს მოხვდა, კარში შევარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირდა – 2:2.

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის „აინტრახტი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გავიდა და მერვედფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ შეხვდება.