კვეკვესკირი და კაშია მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად აღიარეს, თავი მამუჩაშვილმაც გამოიჩინა [ვიდეო] #1TVSPORT
მოლდოვის სუპერლიგაში მორიგი გოლი გაიტანა ლადო მამუჩაშვილმა და ტირასპოლის „შერიფს“ გასვლაზე „მილსამის“ დამარცხებაში დაეხმარა – 4:0. ქართველმა ნახევარმცველმა 38-ე წუთზე ანგარიში გახსნა და მიმდინარე სეზონში ანგარიშზე მე-5 გოლი ჩაიწერა.
ქართული გოლი სლოვაკეთშიც გავიდა – ბრატისლავის „სლოვანმა“ გასვლაზე „პოდბრეზოვა“ 3:1 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ კაპიტანმა, გურამ კაშიამ 76-ე წუთზე გუნდი წინ გაიყვანა – ამის შემდეგ ვლადიმირ ვაისის გუნდმა მასპინძლებს მესამეც გაუტანა და ჩემპიონატში გალიდერდა. გურამ კაშიას თამაში 8,5 ქულით შეაფასეს და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
უნგრეთის ჩემპიონატში წლის გოლის ავტორი გახდა ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც „ნირედიჰაზას“ გასვლაზე „დიორთან“ თამაში გადაურჩინა – 1:1. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე 33-ე წუთზე გამოჩნდა და 64-ე წუთზე მასპინძლებს (ამ დროისთვის „დიორი“ 1:0-ს იგებდა) კუთხურიდან გაუტანა. ქართველის გოლმა „ნირედიჰაზას“ ქულა მოუტანა, კვეკვესკირმა თამაშის ბედი გადაწყვიტა და 9,0 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
კიდევ ერთი კარგი თამაში ჩაატარა ილია ბერიაშვილმა ბუდაპეშტის „მტკ“-ში, რომელიც შინ „ზალაეგერშეგს“ დაუზავდა – 1:1. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა საკმაოდ მაღალი (7,4) შეფასება მიიღო. 12 ტურის შემდეგ სამი გუნდი, მათ შორის ბერიაშვილის „მტკ“, მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ, „ნირედიჰაზა“ (12) კი მე-8 პოზიციაზეა.