კვარაცხელიასა და დავითაშვილში „დინამომ“ დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო დაკარგა - ჟორდანია ასეთი მენეჯმენტით გაოცებულია
„19 წლის ხვიჩა კვარაცხელია ისეთივე ნიჭიერია, როგორც კრიშტიანუ რონალდუ“ – საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელზე საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ მერაბ ჟორდანიამ ილაპარაკა.
თბილისის „დინამოსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის აზრით, საქართველოს ნაკრების შეტევაში რამდენიმე გამორჩეული მოთამაშეა.
„ზოგიერთ მათგანს ევროპის წამყვანი კლუბების დონის პოტენციალი გააჩნია, მაგალითად ხვიჩა კვარაცხელია – შესაძლოა, ზოგს გადაჭარბებულად მოეჩვენოს ის, რასაც ვიტყვი, მაგრამ მე ახლა 19 წლის კვარაცხელია და რონალდუ რომ დამიყენონ, ხვიჩასკენ გადავიხრებოდი, რადგან დაახლოებით ასეთი დონის პერსპექტიულ ფეხბურთელად მიმაჩნია,“ – აცხადებს მერაბ ჟორდანია.
მისი თქმით, მოთამაშეების მიმართ თბილისის „დინამომ“ გაუგებარი დამოკიდებულება გამოავლინა:
„კვარაცხელია და დავითაშვილი „დინამოს“ საკუთრება იყვნენ. ანუ „დინამოს“ მენეჯმენტმა დაახლოებით 15-20 მილიონი ევრო ისე გადააგდო, რომ საქართველოში ვერც გამოიყენა! ეს შეიძლება მხოლოდ იქ მოხდეს, რომელსაც ნაგვის გარდა არაფერი შეიძლება ვუწოდო“.