კვარაცხელიას ვარიანტები - მალე გაირკვევა, ითამაშებს თუ არა ქართველი თავდამსხმელი ევროპაში #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა – ამტკიცებენ, რომ ქართველი თავდამსხმელით „ტოტენჰემი“, „ლიდს იუნაიტედი“ და „იუვენტუსი“ დაინტერესდნენ, თუმცა მას კავშირი „მილანთანაც“ ჰქონდა.
ცხადია, რომ ფეხბურთელს ყაზანის „რუბინიდან“ უფრო ძლიერი ევროპული ლიგის უკეთეს გუნდში გადასვლა სურს. ჩვენი ინფორმაციით, „ლიდსმა“ ხვიჩას პოზიციაზე მოთამაშე უფრო იაფად ნახა და თემა დაიხურა. „მილანი“ კვარაცხელიას აკვირდებოდა, მაგრამ ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია – ისევდაისევ „რუბინის“ მიერ დაწესებული მაღალი ფასის გამო.
საქართველოს ნაკრების 20 წლის ფეხბურთელს დიდი სურვილი აქვს, კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადადგას. კვარაცხელიას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს „ტოტენჰემი“ ავლენდა, მაგრამ „იუვენტუსის“ ვარიანტიც არ გამოირიცხება. მაგრამ ფეხბურთელი და მისი აგენტი ფრთხილად არჩევენ კლუბს, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება. ასეთ დროს სწორი არჩევანი კარგი კარიერის ნახევარს ნიშნავს.
პრობლემა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ფასია – ის რომ იყოს გერმანელი, ინგლისელი, ფრანგი ან ესპანელი, ამაზე არც დაფიქრდებონენ. მაგრამ ხვიჩას ფასი 20-25 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს და ყაზანელებს ამ ტრანსფერით მინიმუმ ერთი სეზონი სურთ გადააგორონ.
დასავლეთ ევროპაში აღმოსავლეთ ევროპელ მოთამაშეებში ამხელა თანხას იშვიათად იხდიან და სანამ გადაიხდიან, მას დეტალურად სწავლობენ. თუმცა, ყველა ხვდება, რომ კვარაცხელია ნამდვილი ტალანტია.
„დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი ხვიჩა ჯერ „რუსთავში“ გადავიდა, შემდეგ – იჯარით მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხოლო 2019 წლის ზაფხულში ყაზანის „რუბინთან“ კონტრაქტი თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმა. საქართველოს ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და 2-ჯერ პენალტი მოიპოვა.