კვარაცხელიას „ნაპოლის“ „რეინჯერსთან“ მატჩი ერთი დღით გადაიდო - ფანები გასვლით მატჩებს ვერ დაესწრებიან #1TVSPORT
კვარაცხელიას „ნაპოლის“ „რეინჯერსთან“ მატჩი ერთი დღით გადაიდო - ფანები გასვლით მატჩებს ვერ დაესწრებიან #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი „გლაზგო რეინჯერსთან“ ერთი დღით გადაიდო და ოთხშაბათს, 14 სექტემბერს გაიმართება, ხოლო სტუმართა გულშემატკივრების სექტორი ტრიბუნაზე დაიხურება – ინფორმაციას უეფა-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

უეფა აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩი „რეინჯერსსა“ და „ნაპოლის“ შორის, რომელიც თავდაპირველად სამშაბათს 13 სექტემბერს იყო დაგეგმილი, გადაიდო ოთხშაბათს, 14 სექტემბერს.

უეფა-მ მიზეზად დიდ ბრიტანეთში შექმნილი ვითარება დაასახელა – მატჩის უსაფრთხოებისთვის საჭირო პოლიციის რესურსების ნაკლებობა, რაც დიდი ბრიტანეთის დედოფალ, ელისაბედ მეორის გარდაცვალებას და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას უკავშირდება.

ასევე გადაწყდა, რომ უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის მატჩი ამ ორი გუნდის 19-წლამდელებს შორის სამშაბათს, 13 სექტემბერს გაიმართება.

„გულშემატკივრებს სტუმრად თამაშზე დასწრების უფლება არ ექნებათ. სპორტული სამართლიანობის პრინციპის გამო, „რეინჯერსის“ გულშემატკივრებიც ვერ დაესწრებიან ნეაპოლში განმეორებით მატჩს. უეფა მოუწოდებს გულშემატკივრებს, არ იმოგზაურონ და ეს საგანგებო მდგომარეობა გაითვალისწინონ“, – წერია უეფა-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.