„ნაპოლი“ სერია A-ს ბოლო ტურში „სამპდორიას“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე „სტადიო მარადონაზე“ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს სერია A-ს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გადასცეს.
ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იყო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიშის გახსნის შანსი 64-ე წუთზე მიიღო. ვიქტორ ოსიმენის წაქცევისთვის „სამპდორიას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად ნიგერიელმა უნაკლოდ შეასრულა და 26-ე გოლი მიითვალა.
83-ე წუთზე „ნაპოლი“ კაცნაკლული დარჩა. ჯანლუკა გაეტანო დაშავდა და რადგან მასპინძლებს ხუთივე შეცვლის უფლება გამოყენებული ჰქონდათ, ახალგაზრდა მოთამაშე ვერავინ ჩაანაცვლა. ამის მიუხედავად, „ნაპოლიმ“ მეორეც გაიტანა – ჯოვანი სიმეონემ 85-ე წუთზე შორიდან ძლიერად დაარტყა და ეფექტური გოლის ავტორი გახდა.
„ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა დაიბრუნა, 38 მატჩში 90 ქულა დააგროვა და ტიტული მესამედ მოიპოვა – დიეგო მარადონას ეპოქის შემდეგ ნეაპოლურმა გუნდმა წარმატებას პირველად მიაღწია. ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში სეზონი პირველივე სეზონში „ნაპოლის“ერთ-ერთი ლიდერი გახდა და გუნდის ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კვარაცხელიამ ჩემპიონატი 12 გოლით და 10 საგოლე გადაცემით დაასრულა და, საუკეთესო მოთამაშის სტატუსთან ერთად, სეზონის საუკეთესო ასისტენტიც გახდა.