კვარაცხელიას სერია A-ს წლის მოთამაშის ჯილდო გადასცეს #1TVSPORT
კვარაცხელიას სერია A-ს წლის მოთამაშის ჯილდო გადასცეს #1TVSPORT

იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, „სამპდორიასთან“ მატჩამდე „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს საუკეთესო მოთამაშის ჯილდო „სტადიო მარადონაზე“ გადასცეს.

ხვიჩა კვარაცხელია პირველივე სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა და „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესი როლი ითამაშა. საქართველოს ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ნაპოლიდან“ ჯილდოები ასევე მიიღეს – ლუჩანო სპალეტიმ (საუკეთესო მწვრთნელი), კიმ მინ-ჯემ (საუკეთესო მცველი) და ვიქტორ ოსიმენმა (საუკეთესო თავდამსხმელი).

სერია A-ს ბოლო ტურის წინ ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ასისტენტების დავაში ლიდერობს – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ათი საგოლე გადაცემა შეასრულა და უახლოეს კონკურენტებს, რაფაელ ლეაოს („მილანი“), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს („ლაციო“), ფილიპ კოსტიჩსა („იუვენტუსი“) და პიოტრ ზელენსკის („ნაპოლი“) ორი ასისტით უსწრებს.