კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „აინტრახტი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT

„ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლა, კვლავ დაამარცხა 3:0 და მეოთხედფინალში გავიდა.

პირველი შეხვედრა ფრანკფურტში იტალიელებმა 2:0 მოიგეს და მეოთხედფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგეს.

პირველი საგოლე მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, რომელიც მე-19 წუთზე მეკარეს მიუახლოვდა და ძლიერად დაარტყა, მაგრამ კევინ ტრაპმა აჯობა. ხვიჩას გატანა 43-ე წუთზეც შეეძლო, მაგრამ გერმანელმა კიპერმა კვლავ საიმედოდ ითამაშა.

მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას წამოწყებული შეტევა პოლიტანომ და დი ლორენცომ განავითარეს, ოსიმენმა კი დუბლით იტალიელთა უპირატესობა უფრო შთამბეჭდავი გახადა. კვარაცხელიამ 61-ე წუთზე კიდევ ერთხელ სცადა გატანა, მაგრამ ტრაპმა ისევ მშვენიერი რეაქიცა გამოავლინა.

64-ე წუთზე გერმანელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც პიოტრ ჟელინსკიმ შეასრულა და, ფაქტობრივად, თამაშის ბედი გადაწყდა.

ხვიჩა კვარაცხელია 73-ე წუთზე შეცვალეს, „ნაპოლიმ“ კი 3:0 მოიგო, ფრანკფურტის „აინტრახტი“ ორი მატჩის ჯამში (2:0, 3:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.