კვარაცხელიას ინტერვიუ სერია A-სთან - მარადონას ვერავინ შეედრება, მაგრამ ეს დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს [ვიდეო] #1TVSPORT

სერია A-ს Youtube არხმა „ნაპოლისა“ და იტალიის ჩემპიონატის ამომავალ ვარსკვლვთან ინტერვიუ ჩაწერა. ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“, მარადონას, სპალეტის, თანაგუნდელებისა და „უდინეზესთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა:

დრიბლინგი და ბურთის ფლობა

„რთულია, ჩემთვის ამაზე ლაპარაკი და ალბათ არასწორი იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, ბურთთან ერთად ყოფნა ძალიან მიყვარს. ხანდახან ისე გამოდის, რომ ცოტა ზედმეტიც მომდის, მაგრამ ამაზე ვმუშაობ. ბურთის სიყვარული ცოტა ზედმეტი მაქვს. არა უშავს, მთავარია, გუნდს გამოვადგე ბურთის ფლობით“.

შედარება მარადონასთან

„მარადონასთან შედარება ალბათ არც ერთი ფეხბურთელის არ შეიძლება – ის ლეგენდაა. რთული წარმოასდგენია, დედამიწას ასეთი მოთამაშე კიდევ მოევლინოს. ძალიან მიხარია, რომ ჩემზე რაღაც ასეთს ამბობენ. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს“.

ლუჩანო სპალეტი

„პირველ რიგში, მის ადამიანობას გამოვარჩევ – ძალიან მაგარი ადამიანია. ჩამოსვლის დღიდან სულ მელაპარაკება, მიხსნის, მასწავლის. ვატყობ, რომ განვვითარდი, ბევრი რაღაც ვისწავლე ტაქტიკურად. მისგან უფრო მეტი მინდა ვისწავლო, რადგან ძალიან მაგარი მწვრთნელია. სულ მეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა ვაკეთო და მიღწეილით არ დავკმაყოფილდე“.

პოზიტიური და მხიარული კიმ მინ-ჯაე

„საოცარად პოზიტიური ადამიანია. მასთან ლაპარაკის დროს უშანსოდ ხარ – აუცილებლად გაგეცინება, რადგან ძალიან ბევრს ხუმრობს. რაც შეეხება ფეხბურთს – ძალიან ძლიერია. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. როცა უკან დგას, იმედით ხარ, რომ აუცილებლად წაართმევს ბურთს და ყველას გადაეღობება, რომ გოლი კარში არ მივიღოთ. საოცარი ფეხბურთელია“.

მატჩი „უდინეზესთან“

„უდინეზე ძალიან კარგი გუნდია, ძალიან კარგი ფეხბურთელები თამაშობენ ამ გუნდში. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა თამაში, რადგან  თითოეული მატჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ვნახოთ, როგორ იქნება ტრავმის საკითხი. წინ კიდევ სამი დღე გვაქვს. თუ რამდენიმე პროცენტი მექნება შანსი, აუცილებლად გავალ მოედანზე და როგორც მეტყვიან – 10, 20 თუ 90 წუთი, მნიშვნელობა არ აქვს. თუ შემეძლება,  ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო და ჩვენს წარმატებაში პატარა წვლილი შევიტანო“.