კვარაცხელიამ შეცვლა გააპროტესტა - „ნაპოლი“ „ბარსელონას“ დაუზავდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „ბარსელონას“ უმასპინძლა და მატჩი 1:1 დაამთავრა.
შედეგთან ერთად, დიდ ინტერესს იწვევდა, რას შეცვლიდა ორიოდე დღის წინ დანიშნული მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო კალცონა – იქნებოდა თუ არა „ნაპოლიში“ ტაქტიკური ან სხვა სახის ცვლილებები.
აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ ვიქტორ ოსიმენი შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა. კალცონამ სასტარტოში დააყენა იენს კაიუსტე და მატიას ოლივერა, ხოლო გუნდი ლუჩანო სპალეტის დროინდელ 4-3-3 სისტემაზე და მაღალ პრესინგზე დააბრუნა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში მეორე ნახევარში გაიხსნა. მე-60 წუთზე რობერტ ლევანდოვსკი მცველებს გაექცა და ზუსტად დაარტყა. რვა წუთში კი კალცონამ კვარაცხელია შეცვალა და ქართველმა თავდამსხმელმა უკმაყოფილება არ დამალა.
მოულოდნელი იყო „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, როდესაც 75-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა მოახერხა და წონასწორობა აღადგინა. რამდენიმე წამში კალცონამ ისიც სათადარიგოთა სკამზე დასვა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის განმეორებით შეხვედრაში „ბარსელონა“ „ნაპოლის“ კატალონიაში უმასპინძლებს. მატჩი 13 მარტს, „კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის გამო, „მონჟუიკზე“ გაიმართება.