კვარაცხელიამ ინგლისელი ვეტერანები აღაფრთოვანა - ახლა „ტოტენჰემსა“ და „ლიდსს“ მასში გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ #1TVSPORT
კვარაცხელიამ ინგლისელი ვეტერანები აღაფრთოვანა - ახლა „ტოტენჰემსა“ და „ლიდსს“ მასში გაცილებით მეტის გადახდა მოუწევთ #1TVSPORT

ინტერნეტ-პორტალმა teamtalk-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაბეჭდილ ვრცელ წერილში ორი ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელის კომენტარი გამოაქვეყნა.

„ლივერპულის“ ლეგენდამ, ჯეიმი კარაგერმა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა ხვიჩა კვარაცხელია, რომლის აყვანაც „ტოტენჰემსა“ და „ლიდსაც“ სურდათ. კარაგერმა „ნაპოლის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია შეაქო მას შემდეგ, რაც მან ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

„ივლისში „ნაპოლიმ“ 9 მილიონი ფუნტი დახარჯა ქართული კლუბის, ბათუმის „დინამოს“ გარემარბის შესაძენად. მან კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იტალიაში ყოფნის პირველივე თვეს. კვარაცხელიამ სერია A-ს პირველ მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

კვარაცხელია ფორმაში შევიდა ჩემპიონთა ლიგაშიც. მან გააკეთა საგოლე პასი, როდესაც გასულ კვირას „ლივერპულთან“ „ნაპოლის“ 4:1 გამარჯვებამ ყველა შოკში ჩააგდო. კვარაცხელიამ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდსა და ჯო გომესს ყველანაირი პრობლემა შეუქმნა. ამან აიძულა ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ჯონათან ვუდგეიტი, პრემიერლიგის გუნდებისთვის მისი აყვანა ერჩია.

„იმედგაცრუებული ვარ კვარაცხელიას იტალაიში წასვლით, რადგან მომეწონა მისი თამაში – მისი ტემპი, მისი ძალა, სურს თავისი მეურვეს აჯობოს. ის არის კიდევ ერთი მოთამაშე, რომელიც შეიძლება პრემიერ ლიგაში ნახოთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ის უბრალოდ შესანიშნავი იყო“, – თქვა ვუდგეიტმა.

„არსენალის“ ლეგენდამ, ტიერი ანრიმ დაამატა, რომ კვარაცხელია „იყო შესანიშნავი. მისი უნარები და შეხება კი იყო ვირუსული“.

კვარაცხელია კვლავ თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, როცა ოთხშაბათს შოტლანდიურ გრანდ „რეინჯერსს“ დაუპირისპირდა. მას არ გაუტანია, როგორც „ლივერპულთან“ მატჩში, მაგრამ ბრწყინვალე ოსტატობა გამოავლინა.

ქართველმა ფეხბურთელმა ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო. მან ბურთი უკან გადაუგდო, მობრუნდა და მეტოქე უკან ჩამოიტოვა. შემდეგ კვარაცხელიამ გაიარა „რეინჯერსის“ მეორე მოთამაშე, სანამ ჯეიმს ტავერნიე წააქცევდა. ამ სვლას არ მოჰყოლია გოლი ან თუნდაც დარტყმა, მაგრამ აჩვენა, თუ რამდენად რთულია კვარაცხელიას შეჩერება და რამდენად ადვილად შეუძლია მოედანზე „ნაპოლის“ გატანა.

კვარაცხელია „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა კარაგერმაც შეაქო – მას „ცხელი ტალანტი“ და სერია A-ს საუკეთესო მოთამაშეც“ კი უწოდა.

„კვარაცხელია ფანტასტიკური იყო. ის შესაძლოა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელია, განსაკუთრებით ამ სეზონში და ეს „ლივერპულთან“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კვარაცხელია „ცხელ ტალანტია“ და საინტერესოა, „ნაპოლიში“ რამდენ ხანს დარჩება“, – განუცხადა კარაგერმა CBS Sports HITC-ს.

კარაგერის შეფასება იქნება ბიძგი პრემიერლიგის კლუბებისთვის „ტოტენჰემისა“ და „ლიდსისთვის“. ისინი აკვირდებოდნენ დიდი ტალანტის მქონე მოთამაშის განვითარებას რამდენიმე თვის განმავლობაში. „ტოტენჰემსსა“ და „ლიდსს“ კვარაცხელიას მიმართ ინტერესი ფეხბურთელის ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას ჰქონდათ. თუმცა, მაშინ არ იაქტიურეს და კონტრაქტი „ნაპოლიმ“ გააფორმა. ახლა კვარაცხელიას ინგლისში წაყვანა საკმაოდ დიდი თანხა დაჯდება. Transfermarkt მას 13,5 მილიონ ფუნტად აფასებს, მაგრამ „ნაპოლი“ გაცილებით მეტს მოითხოვს.

ასევე გაუჭირდება „სპურსს“ ან „ლიდსს“ ვარსკვლავის დარწმუნება ტრანსფერის განხორციელებაში. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელია უყვართ და უკვე პარალელებს ავლენენ მასსა და კლუბის ხატს, დიეგო მარადონას შორის“, – წერს ინტერნეტ-პორტალი.