კვარაცხელიამ Golden Boy-ის მეორე ეტაპი გადალახა და ჯილდოსთვის ბრძოლას განაგრძობს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია კვლავ Golden Boy-ს (ოქროს ბიჭი) ჯილდოს ერთ-ერთი კანდიდატია. საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელმა იტალიური „ტუტოსპორტის“ გამოკითხვის ორი ეტაპი გადალახა და ფინალურ ეტაპამდე კიდევ ორი ნაბიჯი აშორებს.
კვარაცხელია 2021 წლის საუკეთესო 100 ახალგაზრდის სიაში მოხვდა. ნომინანტები 15 ივნისს გამოაცხადეს. ყოველთვიურად, იტალიური გამოცემის შედგენილ სიას 20 ადამიანი აკლდება, სანამ არ დარჩება 20 რჩეული, საიდანაც გამარჯვებულს ჟიური შეარჩევს.
ამ დროისთვის, ჯილდოსთვის ბრძოლას 60 ფეხბურთელი განაგრძობს. კვარაცხელიას მსგავსად, სიაში უკრაინის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ მცველი ილია ზაბარნი შემორჩა.
თავდაპირველ სიაში იყო დონეცკის „შახტარის“ მეკარე ანატოლი ტრუბინი, რომელიც ნომინანტების რიცხვს უკვე გამოეთიშა. ამ სიაში მოხვედრა ევროპის უმაღლესი დივიზიონის ნებისმიერ ფეხბურთელს შეეძლო – იმ პირობით, რომ იგი 2001 წლის 1 იანვრის შემდეგ უნდა იყოს დაბადებული.